სიახლეები

სფფ-მ ფუტსალის ოთხთა ფინალისთვის მზადება დაიწყო

ფუტსალი
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, 2013 წლის აპრილში თბილისში გასამართი უეფას ფუტსალის ოთხთა ფინალისთვის მოზამზადებელი სამუშაოები აქტიურად დაიწყო. დღეს საღამოს, უეფას სამუშაო ჯგუფსა და სფფ-ის ხელმძღვანელობას შორის პირველი სამუშაო ვიდეოკონფერენცია გაიმართა. უეფას მხრიდან, "ვიდეო შეხვედრას" ესწრებოდნენ პროექტის მენეჯერი - ლორან მორელი და უეფას საშეჯიბრო კომიტეტის წევრები. სფფ-ის მხრიდან კი, პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, ტურნირის დირექტორი დიმიტრი ბოკერია და სამუშაო ჯგუფის სხვა წევრები.

როგორც უეფას წარმომადგენლებმა ქართულ მხარესთან საუბარში განაცხადეს, მათი ოფიციალური სამუშაო ჯგუფი თბილისში 29 იანვარს ჩამოვა, რათა ადგილზე გაეცნოს სიტუაციას. სტუმრები შეამოწმებენ და დაათვალიერებენ სპორტის სასახლეს, სასტუმროებს და სხვა მათთვის საინტერესო ადგილებს. საუბრისას, ასევე, შეთანხმდა ოთხთა ფინალის ნახევარფინალური და ფინალური მატჩების დღეებიც. ქართული მხარის ინიციატივითა და თხოვნით, გადამწყვეტი მატჩები 25 და 27 აპრილს (პარასკევი და კვირა) გაიმართება, რომ ქართველმა გულშემატკივარმა უპრობლემოდ შეძლოს მატჩებზე დასწრება და სამუშაო გრაფიკის გამო, პრობლემა არავის შეექმნას. 

ჯერ ისევ შესათანხმებელია მარტში, კენჭისყრის ჩატარების ადგილი. სავარაუდოდ, ეს საკითხი იანვარში, უეფას წარმომადგენლების ჩამოსვლის შემდეგ გადაწყდება, როცა სტუმრები თავად დაათვალიერებენ ქართული მხარის მიერ შეთავაზებულ ვარიანტებს. ასევე, მოგვიანებით გაირკვევა მატჩების დაწყების საათები, რომელიც, უპირველესად, "ევროსპორტთანაა" შესათანხმებელი, რომელსაც ოთხთა ფინალის ჩვენების ექსკლლუზიური უფლება აქვს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ვიდეოკონფერენციები მუდმივად გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური