სიახლეები

ფუტსალის ნაკრების თავკაცმა ელიტრაუნდი შეაჯამა

ფუტსალი
გაუზიარე

ჰოლანდიიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი ითამაშა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ავთანდილ ასათიანმა ტურნირზე გუნდის გამოსვლა მედიასთან შეაჯამა.

ასათიანის პრესკონფერენცია მიხეილ მესხის სტადიონის მედია-ცენტრში გაიმართა და მწვრთნელთან ერთად, ნაკრების ფეხბურთელები - მურთაზ კაკაბაძე და დავით ბობოხიძეც ესწრებოდნენ.

ელიტრაუნდი როტერდამში გაიმართა. საქართველოს ნაკრები მე-6 ჯგუფში იყო და მისი მეტოქეები ჩეხები, ჰოლანდიელები და ბელორუსები იყვნენ. ჩვენმა გუნდმა ჯერ ჩეხებთან წააგო - 1:4; შემდეგ, მასპინძლებთან დამარცხდა - 3:7. ბოლო შეხვედრაში კი, ბელორუსს 5:4 მოუგო და ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა.

ბელორუსთან მოგების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში ხუთი საფეხურით წინ წაიწია და ამჟამად, 1 აპრილს გამოქვეყნებული რეიტინგების მიხედვით, 51-ე საფეხურზე იმყოფება. შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე, ჩვენი გუნდი 64-ე ადგილზე იყო. ბელორუსი კი, საკმაოდ ძლიერ გუნდად ითვლება და ელიტრაუნდამდე რეიტინგის ოცეულში ბინადრობდა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა, თუმცა, ძალიან სასიამოვნოა რეიტინგში დაწინაურება.

ავთანდილ ასათიანმა დაწვრილებით ისაუბრა ელიტრაუნდზე და პირველ ორ მოწინააღმდეგესთან მარცხის მიზეზებზე.

„ორი შესარჩევი ციკლის გამოტოვების შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ელიტრაუნდში კვლავ მოვხვდით და შემდგომ ეტაპზე გასვლაც გვქონდა მიზნად დასახული. სამწუხაროდ, ჩეხებთან და ჰოლანდიელებთან წავაგეთ... ფაქტია, რომ ასეთი რანგის ტურნირისთვის გამოუცდელები ვიყავით. მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ამ წაგებულ თამაშებში, მეც და ფეხბურთელებმაც ჩვენი შეცდომები დავინახეთ და ვეცდებით, მომავალში აღარ გავიმეოროთ. ბელორუსთან მოგების შემდეგ კი, ვირწმუნეთ, რომ თამაში ყველასთან შეიძლება“ - განაცხადა ასათიანმა.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, ერთი წლის განმავლობაში გუნდს ოფიციალური მატჩები აღარ ექნება. ამიტომ, მან თხოვნით მიმართა ყველას, ვისაც ფუტსალის ნაკრების ბედი აღელვებს, რომ დაეხმარონ გუნდს შეკრებებისა და ამხანაგური მატჩების მოწყობაში...

ავთანდილ ასათიანი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დახმარება. ამის გარეშე ვერაფერს გავხდებით. ელემენტარულად, ისეთი პირობები გვინდა გვქონდეს, რომ მარტო ფეხბურთზე ვიფიქროთ. დამიჯერეთ, ჩვენს გუნდს შესწევს ძალა, რომ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. ამიტომ, მოგვეცით შანსი, გვერდში დაგვიდექით და ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ.“

სფფ-ის პრესსამსახური