სიახლეები

სფფ ჭაბუკთა შორის საუკეთესოთა გამოვლენას იწყებს

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, დეკემბერსა და იანვარში, საქართველოს ცამეტივე რეგიონის ჭაბუკთა ასაკობრივი ნაკრები გუნდები ერთმანეთს ხუთი სხვადასხვა თასის მოსაპოვებლად დაუპირისპირდებიან.

ფედერაციის თაოსნობით, 1995 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის სლავა მეტრეველის სახელობის თასის გათამაშება ჩატარდება, რომლის უშუალო ორგანიზატორიც თბილისის ფეხბურთის ფედერაცია იქნება; 1996 წელს დაბადებულთა შორის, რამაზ შენგელიას სახელობის თასს იმერეთის ფეხბურთის ფედერაცია გაათამაშებს; 1997 წელს დაბადებულთა შორის,  სერგო კოტრიკაძის სახელობის თასის გათამაშებას სამეგრელოს ფეხბურთის ფედერაცია გამართავს. 1998 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის, ზაურ კალოევის თასს სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია ჩაატარებს; 1999 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის კი,  ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაცია გაათამაშებს.

დღეს, უკვე დაიწყო ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშება 1999 წელს დაბადებულთა შორის, რომელსაც საფეხბურთო სკოლა „ავაზამ“ უმასპინძლა და ერთი მატჩი გაიმართა. დარასელიას თასის გათამაშება სხვადასხვა სტადიონებზე ერთ კვირას გასტანს. ფინალური მატჩი კი, 23 დეკემბერს, მცხეთაში გაიმართება.

აღნიშნული ტურნირების ჩატარების იდეა ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის. ჩვენი მიზანი ყველა ზემოთ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში მოასპარეზე, დამწყები ფეხბურთელებისათვის გამოცდილების მიღებისა და თავის გამოჩენის შანსია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ხუთივე ტურნირი სრულად დააფინანსა. გათვალისწინებულ იქნა გუნდების როგორც ტრანსპორტირების, ისე მათი კვებისა და  სხვა საჭირო საორგანიზაციო თანხებიც.

მიუხედავად იმისა, რომ  რეგიონალური ფედერაციები თავის მხრივ, დამოუკიდებლად,  სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში ატარებენ პირველობებს, მიგვაჩნია, რომ ეს სულაც არ არის საკმარისი რეგიონებში ფეხბურთის განსავითარებლად და ამიტომაც გადაწყდა დამატებით თასების გათამაშებების ჩატარება რეგიონების ნაკრებ გუნდებს შორის.

როგორც უკვე ვთქვით, სლავა მეტრეველის, რამაზ შენგელიას, სერგო კოტრიკაძის, ზაურ კალოევისა და ვიტალი დარასელიას სახელობის თასებში მონაწილეობას 13-ვე რეგიონის ნაკრები გუნდები მიიღებენ. გამონაკლისი შეეხება თბილისის ფეხბურთის ფედერაციას, რომელსაც თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში ორ-ორი გუნდით ასპარეზობის უფლება მიეცა. ამასთანავე, ინდივიდუალურად, თითოეულ თასზე ორგანიზატორი ფედერაციაც ისარგებლებს პრივილეგიით და მასაც ორი გუნდით ასპარეზობის უფლება მიეცემა. თითოეული თასის გათამაშება საქართველოს რეგიონების 16 გუნდს შორის მოხდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კვლავაც გააგრძელებს ბავშვთა ფეხბურთის მხარდაჭერას და განსაკუთრებით, რეგიონებში მოასპარეზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სათამაშო პრაქტიკის შექმნისთვის აუცილებელი ღონისძიებების ორგანიზებას.

სფფ-ის პრესსამსახური