სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის პირველი კურსი დასრულდა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარებული მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის პირველი კურსი დასრულდა. 

B+A ლიცენზიის კურსში მონაწილეობდნენ ეროვნული ნაკრების მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები. სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის შექმნილი პროგრამის საფუძველზე, მათ საშუალება მიეცათ C ლიცენზიის გარეშე გაევლოთ B+A კურსი და გახდნენ უეფას A ლიცენზიის მფლობელები. 

კურსი 6 მოდულისგან შედგებოდა და მოიცავდა როგორ თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. 19-დან 21 დეკემბრის ჩათვლით, კურსის დასკვნითი, საგამოცდო მოდული გაიმართა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, გურამ კაშია, ლევან მჭედლიძე, ლევან ყენია, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი მერებაშვილი, ალექსანდრე კობახიძე, გოგიტა გოგუა, გიორგი ქვილითაია, გიორგი ლორია, ნიკა კვეკვესკირი, ვლადიმერ დვალიშვილი, ჯაბა კანკავა და ვაკო ყაზაიშვილი უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ. 

საგამოცდო მოდულს ესწრებოდნენ სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე და უეფას ჯირა პანელის წევრი, გენადი სკურტული, რომლებმაც კურსის მსმენელებს უეფას A ლიცენზიების გადასცეს. B+A ლიცენზიის კურსს უეფას ჯირა პანელის წევრი, კრის ვან დერ ჰაგენი ხელმძღვანელობდა. 

აღნიშნული სასწავლო კურსი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, შექმნილი იყო განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მინიმუმ 10 თამაში აქვთ ჩატარებული, ეროვნული გუნდის ღირსებას მინიმუმ 7 წლის განმავლობაში იცავდნენ და კურსის დაწყებამდე შეუსრულდათ ან სწავლის პერიოდში უსრულდებოდათ 30 წელი.

? გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "დიდი ხანი ვითამაშებ ფეხბურთს, თუმცა კარიერის დასრულების შემდეგ, ფეხბურთში დარჩენა მინდა. გვსურს, რომ ქართულ ფეხბურთს გამოვადგეთ და გამოვიყენოთ ეს საშუალება, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ მოგვცა. 

ასაკში მყოფი მოთამაშეები ვართ და ყველას გვიყვარს ფეხბურთი. მადლობა ფეხბურთის ფედერაცია, რომ საშუალება მოგვცა წინ წაგვეგდო საქმე ამ კურსით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო კურსი იყო. ბევრი რამ შევიძინეთ, ბევრი ვისწავლეთ. მადლობა ყველა ტუტორს. დიდი სამუშაო გასწიეს და ბევრი რამე სხვანაირად აღვიქვით. ძალიან სასიამოვნო იყო მათთან მუშაობა". 

? ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი): "დიდი მადლობას ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტში. არ იყო ამ კურსის საქართველოში ჩატარება იოლი. უეფასთან ხანგრძლივი კომუნიკაციის შედეგად, მოგვეცა ამ პროექტის განხორციელების საშუალება და მადლობა მათ ამისთვის. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყნის წინაშე დამსახურებულ ფეხბურთელებს გავუადვილოთ გზა ფეხბურთელობიდან შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. მათ, ვინც ჯერ კიდევ აქტიურ სპორტშია, ვუსურვებ, რომ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ითამაშონ, თუმცა უკვე მზად არიან, რომ კარიერის დასრულების შემდეგ დარჩნენ ფეხბურთში, აკეთონ საყვარელო საქმე და გამოცდილება გაუზიარონ ახალგაზრდებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთისთვის" 

? ზაზა ზამთარაძე (სფფ-ის ტექნიკური დირექტორი): "დასრულდა B+A ლიცენზიის უეფას კურსი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უეფას მხარდაჭერისთვის, რადგან ეს არასტანდარტული კურსი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ უდიდესი გამოცდილების ფეხბურთელებისთვის, მათ შორის ნაკრების მოქმედი მოთამაშეებისთვის, მოგვეცა საშუალება, რომ ერთი წლის განმავლობაში სამწვრთნელო განათლება მიგვეცა. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ისინი ქართულ ფეხბურთში დარჩნენ".

? გენადი სკურტული (უეფას ჯირა პანელის წევრი): "ეს ძალიან სპეციფიკური კურსი იყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შესანიშნავი პირობები შეუქმნა ფეხბურთელებს. ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული ამ კურსში. ჩვენ კმაყოფილი ვართ და ძალიან კარგი უკუკავშირი მივიღეთ ამ ორგანიზაციისგან, ყველა მონაწილისგან, ისევე როგორც უეფასგან, რომელმაც დაამტკიცა ეს კურსი. იმედია, მონაწილეები წარმატებას მოუტანენ ქართულ ფეხბურთს".