სიახლეები

ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა თბილისში დასრულდა

სფფ
გაუზიარე

უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დიდი საფეხბურთო საღამო გაიმართა. 

ტურნირის მთავარმა სიმბოლომ, ევროპის ჩემპიონატის თასმა, რომელმაც ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები, ბათუმი და ქუთაისი ადგილობრივი სპონსორის, კოკა-კოლას ჯადოსნურ ქარავანთან ერთად მოიარა, მოგზაურობა 20 ივნისს, თბილისში, დედაენის ბაღში დაასრულა. 

დღის განმავლობაში დედაენის ბაღში სხვადასხვა აქტივობები გაიმართა, მათ შორის, მოეწყო საკვები და გასართობი სივრცეები. გულშემატკივარს საშუალება ჰქონდა ჩართულიყო სხვადასხვა საფეხბურთო აქტივობებსა და გათამაშებებში. მოგვიანებით კი, დედაენის ბარში ტურნირის მთავარი სიმბოლო, ევროპის ჩემპიონატის თასი გამოჩნდა. 

დედაენის ბაღში შეკრებილ გულშემატკივრებს სიტყვით სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და თბილისი მერმა, კახა კალაძემ მიმართა. ღონისძიებას უეფას წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

22:45 საათიდან, დედაენის ბაღში შეკრებულ გულშემატკივარებს შოტლანდია-საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩის დიდ ეკრანზე ხილვის საშუალება მიეცათ. ღონისძიება თბილისის მერიის და საქართველოს პირველი არხის მხარდაჭერით ჩატარდა. 

შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ბილეთების შეძენა under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.