5 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე წლის პირველი ამხანაგური მატჩი კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ გამართა. სტამბოლის ბაშაკშეჰირის სტადიონზე შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.
ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებმა გახსნა. მე-40 წუთზე ვაკო ყაზაიშვილის გადაცემით, ჯანო ანანიძემ გაიტანა. კორეელებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ნახევარში მოახერხეს. 47-ე წუთზე, ჰეუნგმინ სონის ჩაწოდების შემდეგ ყველას უიჯო ჰვანგმა დაასწრო და ახლო მანძილიდან აიღო გიორგი მაკარიძის კარი. კორეელმა თავდამსხმელმა 85-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე დაფიქსირდა, გოლი, შეცვლაზე შემოსული გიორგი ქვილითაიას ანგარიშზეა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ამხანაგური შეხვედრა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაირსმა შეაფასა:
? ვლადიმირ ვაისი: “ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, რომ ამ მატჩის მოგება შეგვეძლო, ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმს ეხება. ასეთი მომენტები უნდა გამოვიყენოთ, რადგან მნიშვნელოვან თამაშებში ეს გადამწყვეტი იქნება.
მოხარული ვარ, რომ ვაკო ასეთ ფორმაში დაგვიბრუნდა. ეს სწორედ ისეთი თამაში იყო, როგორსაც მისგან ველი და ჩემი აზრით, მას გოლიც უნდა გაეტანა. ასევე მიხარია ოქრიაშვილისა და ანანიძის დაბრუნება.
დავითაშვილმა საკუთარი პოტენციალი კარგად წარმოაჩინა. პირველი თამაშიდან გამომდინარე მისით ძალიან კმაყოფილი ვარ. დავითაშვილმა კარგად ითამაშა როგორც შეტევაში, ისე დაცვაში.
ჩემი აზრით, დაცვის ცენტრში ტაბიძემ და კაშიამ კარგად იმოქმედეს.
კიტეიშვილი მოედანზე საუკეთესო იყო. მე მისით კმაყოფილი ვარ, რადგან დაამტკიცა, რომ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.
კორეა დანიისგან განსხვავებული გუნდია, თუმცა შედეგი მისაღებია, რადგან მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდი იყო, რომელშიც მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. მნიშვნელოვანია, რომ ტრავმა არავინ მიიღო და ახლა კვირის თამაშისთვის გავაგრძელებთ მზადებას.
დანიის წინააღმდეგ შემადგენლობაში რამდენ ცვლილებას გავაკეთებ ამას ხვალინდელი ვარჯიშის მერე გადავწყვეტ. დავაკვირდებით, როგორ აღიდგენენ ფეხბურთელები ძალებს. რა თქმა უნდა, შემადგენლობასთან დაკავშირებით ვარიანტები უკვე მაქვს და ვნახოთ, რომელს შევარჩევთ თამაშისთვის. ჯაბა კანკავა გუნდის ერთერთი ლიდერია, თუმცა, როგორც იცით, ყვითელი ბარათების გამო დანიასთან ვერ ითამაშებს. ყოველთვის მნიშვნელოვანია ასეთი ფეხბურთელის გუნდთან ერთად ყოფნა."
საკუთარი დებიუტისა და განვლილი შეხვედრის შესახებ ზუკა დავითაშვილმა ისაუბრა:
? ზუკა დავითაშვილი: “კარგი თამაში ვაჩვენეთ, ბევრი მომენტი შევქმენით, მოგება შეგვეძლო და სამწუხაროა, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდა. შექმნილი მომენტების გამოყენების შემთხვევაში ვფიქრობ, რომ მატჩს სასურველი შედეგით დავასრულებდით.
რაც შეეხება ჩემს დებიუტს, რა თქმა უნდა, მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი მთავარ მწვრთნელს შანსისთვის. ვაგრძელებთ მზადებას დანიის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის და სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ.”
კორეის რესპუბლიკა 2:2 საქართველო
სტამბოლი, ფათიჰ თერიმის სახელობის ბაშაკშეჰირის სტადიონი
კორეის რესპუბლიკა: სუნგიუნ გუ, ჯინსუ კიმი, მინჯაე კიმი, ჰეუნგმინ სონი (62’ სანგო ნა), სეუნგო პაიკი (46’ ვუიანგ ჯუნგი), ჰიჩან ჰვანგი (62’ დონგიეონგ ლი), კანგინ ლი (72’ ბოკიუნგ კიმი), ჯეონჰიეოპ ლი (46’ უიჯო ჰვანგი), კიუნგვონ კონი, ჩანგჰონ კვონი, ჯისუ პარკი (46’ იუნგვონ კიმი)
სათადარიგო შემადგენლობა: სეუნგიუ კიმი, ტაეჰვან კიმი, შინვუკ კიმი, ჯაესუნგ ლი, ჩულ ჰონგი, ჰეინვუ ჯო
მთავარი მწვრთნელი: პაულუ ბენტუ
საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე, კაშია, ყაზაიშვილი (80’ კანკავა), ოქრიაშვილი (57’ ქვილითაია), ანანიძე (57’ პაპუნაშვილი), კიტეიშვილი (71’ დაუშვილი), აბურჯანია (57’ გვილია), ტაბიძე, ხარაბაძე, დავითაშვილი (73’ ლობჟანიძე)
სათადარიგო შემადგენლობა: ლორია, კუპატაძე, გრიგალავა, დაუშვილი, ჭანტურიშვილი, ჯიღაური, კვარაცხელია
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
მსაჯები: ჰუსეინ გოჩეიკი (თურქეთი), ესათ სანჯაკთარი (თურქეთი), იბრაჰიმ ჩაღლარ იუარჯანი (თურქეთი), უმით ოზთურქი (თურქეთი)
გაფრთხილება: 82’ ვუიანგ ჯუნგი, 90+1’ კანკავა
გოლები: 0:1 ანანიძე (40), 1:1 უიჯო ჰვანგი (47), 1:2 უიჯო ჰვანგი (85), 2:2 ქვილითაია (90)
საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში ჩარტერული რეისით დაბრუნდება და 6 სექტემბრიდან მომავალი შეხვედრისთვის ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე გააგრძელებს. ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრაში ვლადიმირ ვაისის გუნდი დანიას უმასპინძლებს. მატჩი 8 სექტემბერს 20:00 საათზე, თბილისის “დინამო არენაზე” გაიმართება.