სიახლეები

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ანდორაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა

გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის მეხუთე ოფიციალური მატჩისთვის უკვე 23 ფეხბურთელთან ერთად ემზადება. ანდორაში ადგილობრივი ფედერაციის სავარჯიშო მოედანზე, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესი ხელოვნურსაფარიან მოედანზე მიმდინარეობს, რადგან მატჩის მასპინძელი სტადიონზეც ხელოვნური მინდვრის საფარია. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, სოლომონ კვერკველიას მსგავსად, ტობოლის ქართველმა ლეგიონერებმა ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა დღეს პირველად ივარჯიშეს. ლატვიასთან მიღებული ტრავმის შემდეგ, ეროვნული ნაკრების კაპიტანი უკვე გამოჯანმრთელდა და უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

ანდორაში, დღეს გამართული ვარჯიშის შემდეგ, ნიკა კვეკვესკირმა მოკლე კომენტარი გააკეთა.

ნიკა კვეკვესკირი: "პროგრამა მინიმუმი უკვე შევასრულეთ, ჯგუფიდან გავედით, მაგრამ ახლა ჩვენი მიზანია, რომ მეოთხე ლიგაში მყოფ 16 გუნდს შორის ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ. ეს ყველაფერი დაგვეხმარება, რომ მომავალ შესარჩევ ეტაპზე ჩვენთვის სასურველ კალათში მოვხვდეთ და ასევე რეიტინგი გავიუმჯობესოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ ნაკრებებს ნაკლებად აქვთ ამხანაგური თამაშები, თითოეულ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, სწორედ ასეთ თამაშებში ეძლევა მწვრთნელს შანსი, რომ ახალი მოთამაშეები გამოსცადოს და ნახოს მათი რესურსი.

უეფას ერთა ლიგაზე ჩვენი სურვილია, რომ ჯგუფური ეტაპის ექვსივე თამაში მოვიგოთ და გოლი არ გავუშვათ."

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მასპინძელ სტადიონზე 14 ნოემბერს თბილისის დროით 22:00 საათზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს ვლადიმირ ვაისი ოფიციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მომდევნო ორ შეხვედრაში.

მეკარეები

გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები

ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები

ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელი

ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი)

უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის განრიგი:

15 ნოემბერი

23:45 (თბილისის დროით) ანდორა - საქართველო
19:00 ყაზახეთი - ლატვია