სიახლეები

საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი ვარჯიში ანდორაში

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩის ჩასატარებლად ანდორაში ჩავიდა. საწვრთნელი შეკრების პირველ დღეს ეროვნული გუნდი ანდორაში არასრული შემადგენლობით იმყოფება. ნაკრებმა 12 ნოემბერს მსუბუქად ივარჯიშა. ეროვნული ნაკრების სამ ფეხბურთელს ჯაბა კანკავას, ნიკა კვეკვესკირს და სოლომონ კვირკველიას ანდორაში 13 ნოემბერს ელოდებიან. სამივე ფეხბურთელი საწვრთნელ პროცესში სამშაბათიდან ჩაერთვება. პირველი ვარჯიშის მსგავსად, საწვრთნელი პროცესი 13 ნოემბერსაც ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის ხელოვნურსაფარიან სავარჯიშო მოედანზე შედგება.

უეფას ერთა ლიგის გათამაშებაზე, ოთხი ტურის შემდეგ, ანდორას 2 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. საქართველო 12 ქულით ჯგუფის ლიდერია. საქართველოსა და ანდორას პირველი მატჩი თბილისში ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 3:0 დასრულდა.

გიორგი მერებაშვილის კომენტარი ანდორაში გამართული პირველი ვარჯიშის შემდეგ:

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული წარმატების შემდეგ ნაკრებში ძალიან კარგი ატმოსფეროა. ამის მიუხედავად, ანდორას წინააღმდეგ მნიშვნელოვანი თამაში გველის. ხელოვნურსაფარიან მინდორზე მოგვიწევს თამაში და ეს გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ანდორას ნაკრები დაცვიდან ითამაშებს და თავისუფალი სივრცეების მოძებნა იქნება საჭირო. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთ შეხვედრას მოვიგებთ."

ოთარ კაკაბაძე: "ოთხი მოგების შემდეგ ეროვნულ ნაკრებში მშვენიერი განწყობაა და ეს აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. პირველ რიგში, ანდორას წინააღმდეგ გასამართი მატჩი აუცილებლად მოსაგებია. ვფიქრობ, რომ გამარჯვებას კვლავ ჩვენი ბრძოლისა და ბურთის კონტროლის ხარჯზე მოვიპოვებთ. რაც შეეხება ხელოვნურსაფარიან მოედანს, ნაკრების ფეხბურთელებს ჩემპიონატებშიც გვიწევს მსგავს მინდვრებზე თამაში, რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო ნამდვილად არაა, მაგრამ მეტოქესაც იგივე საფარზე მოუწევს თამაში, ამიტომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და უნდა ვაჯობოთ მოწინააღმდეგეს."

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მომდევნო ორ შეხვედრაში.

მეკარეები

გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები

ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები

ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელი

ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი)

უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა ანდორასა და საქართველოს შორის 15 ნოემბერს, თბილისის დროით, 23:45 წუთზე დაიწყება.