ᲢᲣᲠᲜᲘᲠᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ᲣᲔᲤᲐᲡ 21-ᲬᲚᲐᲛᲓᲔ ᲔᲕᲠᲝᲞᲘᲡ ᲩᲔᲛᲞᲘᲝᲜᲐᲢᲘ
უეფას ეგიდით, 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი, სტარტს 1976-78 წლების ციკლით იღებს და მას შემდეგ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. ამ ტურნირამდე, ევროპის მასშტაბით ახალგაზრდებს შორის 19-წლამდე ჩემპიონატი და ასევე 23-წლამდელთა ტურნირი ტარდებოდა, რომელიც სხვადასხვა ფორმით 1967-1976 წლებში გათამაშდა.
1978 წლის ტურნირზე შემოღებული ასაკობრივი ზღვარი დღემდე მოქმედებს – 2023 წლის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ ის ფეხბურთელები, რომლებიც ან 2000 წელს, ან მას შემდეგ პერიოდში დაიბადნენ. მათი ნაწილი, ფინალური ეტაპის დაწყებისას შესაძლოა 23 წლის იყოს, მაგრამ ტურნირის რეგულაციების მიხედვით, თუ ფეხბურთელი საკვალიფიკაციო ციკლის დაწყებისას 21-წლამდე ასაკის გახლდათ, მაშინ მას ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება აქვს.
1992 წლის შემდეგ, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, პარალელურად ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო რაუნდიც გახლავთ, სადაც ევროპული ქვეყნები ოლიმპიადაზე მოსახვედრად დაწესებული ოთხი საგზურისთვის იბრძვიან. ტურნირზე მონაწილეობა აქვთ მიღებული ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც – ლუიშ ფიგუ, მესუთ იოზილი, ხუან მატა, ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, იკერ კასილიასი, მარკ ჰეიტლი, ტიაგო ალკანტარა, დავორ შუკერი, ანდრეა პირლო, რუდი ფიოლერი, ლორან ბლანი და სხვები არიან.
1980 წლის ტურნირი, საბჭოთა კავშირის 21-წლამდე ნაკრებმა მოიგო, რომლის ღირსებასაც ქართველები – რამაზ შენგელია და ვიტალი დარასელია იცავდნენ. რამაზ შენგელია 3 გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა.
ᲔᲕᲠᲝᲞᲘᲡ 21-ᲬᲚᲐᲛᲓᲔ ᲩᲔᲛᲞᲘᲝᲜᲐᲢᲘᲡ ᲗᲐᲡᲘ
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასი ვენეციელი ხელოსნების ნამუშევარია. შუშის თასის სიმაღლე 60 სანტიმეტრია, შუშის ცენტრალური ფიგურა კი თითბერით, ნიკელითა და 24-კარატიანი ოქროთია მორთული.
თასის ორიგინალური ვერსია, რომელიც ფინალის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიის დროის გამოიყენება, უეფაში რჩება, ხოლო გამარჯვებულს სრული ზომის რეპლიკა გადაეცემა.
ტურნირის გამარჯვებულ გუნდს 35 ოქროს მედალი გადაეცემა, ფინალში დამარცხებული გუნდს კი – ვერცხლის. ნახევარფინალში დამარცხებული ორივე გუნდი 35 ბრინჯაოს მედალს მიიღებს.