ᲑᲐᲗᲣᲛᲘ

ᲙᲔᲗᲘᲚᲘ ᲘᲧᲝᲡ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲛᲝᲑᲠᲫᲐᲜᲔᲑᲐ ᲑᲐᲗᲣᲛᲨᲘ

აჭარის მთავარი ქალაქი – ბათუმი 2012 წელს ამერიკის მასპინძლობის მეცნიერების აკადემიამ წლის საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილად დაასახელა, Forbes-მა კი თავის რეიტინგში „ხავერდოვან სეზონზე“ დასასვენებელი საუკეთესო კურორტების ხუთეულში შეიყვანა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბათუმს მხოლოდ „ხავერდოვან სეზონზე“ უნდა ესტუმროთ. აქ წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ საქმიანად თუ უბრალოდ დასასვენებლად, რადგან ბათუმი თქვენ მოსაფერებლად ყოველთვის მზადაა. მას შეუძლია ყველაზე მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრებსაც უმასპინძლოს და სასიამოვნოდ გაატაროთ ოჯახური „ვიქენდები“.

მეტსაც გეტყვით, ბათუმი ყველა ამინდში სასურველი ქალაქია. წვიმიანი ბათუმი ცალკე რომანტიკაა – ჭრელი ქოლგები, მხიარული ადამიანები – მოკირწყლულ ქუჩებში, ქვიშაზე მოხარშული ყავის ოხშივარი, რომელიც მყუდრო კაფეებიდან გამოდის. ამ კაფეებამდე ფერად-ფერად კარებს მიყავხართ, ბათუმში ბევრი რომაა და მათი პოვნა, მათ ფონზე ფოტოს გადაღება ამ ქალაქის სტუმრებისთვის უკვე ტრადიციად რომ იქცა.

პიაცასთან, ძველ ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე აუცილებლად მოძებნეთ ისტორიული სახლი, რომლის აგურის ნიშაში სალამურიანი ბიჭუნაა მოკალათებული. ეს ქანდაკება ბათუმის ერთგვარ სიმბოლოდ მიიჩნევა და იმდენად პოპულარულია, რომ მის რამდენიმე თანამედროვე მოდიფიკაციას ბულვარის მთავარ შესასვლელთანაც ნახავთ. ალისა და ნინოს სკულპტურაც აუცილებლად ნახეთ – მეტალში განსახიერებული უჩვეულო პაემანი, რომელიც საოცარ ემოციებს აღვიძებს.

ასე დაიწყეთ და დარწმუნებული იყავით, სანახავი არ გამოგელევათ. ბათუმი ხომ თავისი ძველი და ახალი არქიტექტურით, უძველესი პორტით, ევროპული მოედნებით, მაღალი კლასის სასტუმროებითა და უამრავი სხვა ღირსშესანიშნაობით თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო სახე და კულტურული ცენტრია. აქამდე მოსვლასაც ადვილად შეძლებთ. ბათუმამდე მოგზაურობა მარტივადაა შესაძლებელი, როგორც საჰაერო და სახმელეთო, ასევე საზღვაო ტრანსპორტით, როგორც ევროპის, ისე – აზიის ქვეყნებიდან.

საკონფერენციო დარბაზებთან ერთად, სადაც საერთაშორისო დონის კონფერენციები იმართება, ბათუმი გთავაზობთ მრავალფეროვან გართობას: აკვაპარკს, საცხენოსნო კლუბს, პანორამულ ბორბალს, საზღვაო გასეირნებებს, ფლაიბორდს, დაივინგ-ცენტრს, პარაპლანს, ველოგასეირნებებს, კინოებს, კაზინოებს. აქ შეგიძლიათ დაესწროთ კლასიკური მუსიკისა და ჯაზის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალებს, რომელზეც უკვე არაერთმა მსოფლიო დონის ვარსკვლავმა გაიბრწყინა.

თუკი ბათუმში შემოდგომაზე მოხვდებით, ორი დიდი ღონისძიების – „ბათუმობისა“ და სოფლის ტურიზმის ფესტივალის, „განდაგანას“ ნახვას და მასში მონაწილეობასაც კი შეძლებთ. ამ დღესასწაულებზე ღია ცის ქვეშ ბაზრობები, კონცერტები, თეატრალიზებული სანახაობები და გამოფენები იმართება. „განდაგანა“ ერას მოედანზე, სპეციალურად მოწყობილ დეკორაციებში, აჭარის სოფლებს რომ წარმოადგენენ, აქაურ ჭირნახულსაც გაშლის და ირგვლივ მწიფე ხილის, კერძების, ღვინისა და ნუგბარის საოცარი სურნელი დატრიალდება. თქვენ მათ შეძენასაც შეძლებთ და კულინარიულ მასტერ-კლასებში მონაწილეობასაც, რაც ნამდვილად დაუვიწყარი გამოცდილება იქნება.

ბათუმი თქვენ წინაშე თეატრებისა და საგამოფენო დარბაზების კარებსაც ფართოდ გააღებს. სივრცეებს, სადაც შეგიძლიათ ბევრი იაროთ და იფიქროთ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, ბათუმი თავისი ენერგეტიკით ერთი დიდი ბათუმური ეზოა, ეზო რომელიც ბედნიერია!

აი, ასეთია ბათუმი ქალაქი, რომელიც ყოველთვის მხოლოდ საუკეთესო მოგონებად რჩება

ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲦᲘᲠᲡᲨᲔᲡᲐᲜᲘᲨᲜᲐᲝᲑᲔᲑᲘ

ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲑᲝᲢᲐᲜᲘᲙᲣᲠᲘ ᲑᲐᲦᲘ

ჯერ კიდევ 1881 წელს აჭარაში მცენარეების შემოტანა დაიწყო ერთ-ერთმა პირველმა მოაგარაკემ მიხეილ დ’ ალფონსმა, რომელსაც ჩაქვთან ახლოს საკუთარი ბაღი ჰქონდა. შემდეგ 1892 წელს გეოგრაფმა და ბოტანიკოსმა მოგზაურმა პავლე ტატარინოვმა ბათუმის სანაპიროზე შექმნა ე.წ. საკლიმატიზაციო ბაღი, რომელიც დღეს ბათუმის ბატანიკურ ბაღში „ზედა პარკის“ სახელით არის ცნობილი.

1912 წელს ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორ ანდრეი კრასნოვის ინიციატივით გაიხსნა თავად ბოტანიკური ბაღი, რომელიც ბათუმის ცენტრიდან 9 კილომეტრში მდებარეობს, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავსა და მწვანე კონცხს შორის. ბაღს სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთი უკავია და ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლეზე ვრცელდება.

ოდესღაც ეს ტერიტორია კოლხური ტიპის ტყეს ეკავა, რომლის ზედა იარუსში წიფელი, წაბლი, ცაცხვი ჭარბობდა, ხოლო ქვეტყეში – წყავი, შქერი.

2037 მერქნიანი მცენარიდან 104 კავკასიური წარმოშობისაა, 1504 შემოტანილია. მცენარეები წარმოშობის ადგილის მიხედვით 9 ფიტო-გეოგრაფიულ განყოფილებაშია თავმოყრილი: ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, აღმოსავლეთ აზიის, ჰიმალაის, ჩრდილოეთ ამერიკის, მექსიკის, სამხრეთ ამერიკის, ხმელთაშუა ზღვის და კავკასიის ტენიანი სუბტროპიკების განყოფილებები.

1998 წლიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღი ბოტანიკური ბაღების მცენარეთა დაცვის საერთაშორისო საბჭოს (BGCI) წევრია და მას კავშირი აქვს მსოფლიოს 140-ზე მეტი ქვეყნის ბოტანიკურ ბაღებთან, უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთა

ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲑᲣᲚᲕᲐᲠᲘ

ბათუმის ბულვარი სტუმრებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. ბულვარი ფართო ზოლად მიუყვება ზღვის სანაპიროს, სადაც მრავლადაა ბუნგალოები, კაფე-ლაუნჯები, რესტორნები, საბავშვო ატრაქციონები და სხვადასხვა სახის ფერადი თუ მოცეკვავე შადრევნები. უნიკალური მცენარეებით გაშენებულ ბათუმის ბულვარში შეგხვდებათ საინტერესო სკულპტურები, არქიტექტურული მონუმენტები. ბათუმის ბულვარს საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. მისი მშენებლობა 1881 წლიდან დაიწყო.

ᲐᲚᲘᲡ ᲓᲐ ᲜᲘᲜᲝᲡ ᲥᲐᲜᲓᲐᲙᲔᲑᲐ

შერიგებები, დაშორებები, შეხვედრები და შორს წასვლები… ალი და ნინოს ქანდაკება ისეთივეა, როგორიც სიყვარული – ამ ყველაფრისგან შედგება. ქართველი მოქანდაკის, თამარ კვესიტაძის მობილური ქანდაკება ბულვარისა და პორტის სიახლოვეს დგას. ალი და ნინო აზერბაიჯანელი ავტორის, ყურბან საიდის ამავე სახელწოდების რომანის პერსონაჟები არიან: ნაწარმოებში აზერბაიჯანელი-მუსლიმი ალი ხან შირვანშირისა და ქართველი ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი, მოქმედება კი პირველი მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება კავკასიასა და ირანში. ფოტო ამ ადგილას თქვენს მეგობრებს აჩვენებს, რომ ბათუმში ისვენებთ, ხოლო თუ შეყვარებული ხართ, ალის და ნინოს ფონზე გადაღებული კადრი გზავნილიც შეიძლება იყოს, გააჩნია, როგორ გადაიღებთ წყვილს, ერთად თუ დაშორების მომენტში.

ტურისტული მარშრუტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ მეტი მეტი ინფორამციისთვის ეწვიეთ ბმულს: www.georgia.travel

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ