საზოგადოების მაღალი ინტერესისა და ბილეთებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, 2023 წლის უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსა და C ჯგუფის მეორეადგილოსანს შორის, რომელიც შაბათს, 1 ივლისს, თბილისში, მესხის სტადიონზე იყო დაგეგმილი, თბილისში, პაიჭაძის სტადიონზე შედგება. შეხვედრა 1 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.
თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა under21tickets.ge-ზე ოთხშაბათს, 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე განახლდება. პირები, რომლებსაც მესხის სტადიონზე დაგეგმილი მეოთხედფინალური მატჩის ბილეთი წინასწარ ჰქონდათ შეძენილი, თამაშამდე ერთი დღით ადრე – 30 ივნისს, იგივე კატეგორიის განახლებულ ბილეთს SMS-ით და TKT.GE-ის პირად ანგარიშზე მიიღებენ.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ [email protected]-ს.