უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, რომელიც ამ ზაფხულს საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება, განახლდება უეფას საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია „სუფთა ჰაერი, უკეთესი ფეხბურთი“.
ინიციატივა მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ჰაერის დაბინძურების მავნე ზემოქმედებაზე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ყოველწლიურად შვიდ მილიონზე მეტ ადამიანს კლავს.
კამპანია „სუფთა ჰაერი, უკეთესი ფეხბურთი“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ნახშირბადის ემისიების მონიტორინგისა და შემცირების მიმართულებით კოლექტიური ქმედებების ხელშეწყობაში. ეროვნული ასოციაციები, მოთამაშეები, გულშემატკივარი, მოხალისეები თუ პერსონალი – ყველა დაინტერესებულ მხარე უნდა ჩაერთოს ეკოლოგიურად შეგნებული პრაქტიკის დანერგვაში. ამისთვის მასპინძელ ქალაქებში ორგანიზებული იქნება მთელი რიგი ინიციატივები, რომლებიც ყურადღებას გაამახვილებს ნარჩენების მართვაზე, საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავებაზე და ეკოლოგიური ტრანსპორტით მგზავრობაზე მატჩების სანახავად.
ეს კამპანია წარმოადგენს უეფას გზავნილს როგორც საფეხბურთო ოჯახისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის: ეკოლოგიურად სუფთა მომავალი არა მხოლოდ სასურველია, არამედ მიღწევადია კოლექტიური ქმედებებითა და მონდომებით.
„ეს პლანეტა ჩვენ არ გვერგება მემკვიდრეობით. ჩვენ ვსესხულობთ მას ჩვენი შვილებისგან. ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობაა მისი საუკეთესო მდგომარეობაში დატოვება. ამ მხრივ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, ვინაიდან ჰაერის დაბინძურების კვლევების დასკვნები საგანგაშოა. ჩვენ გამოვიყენებთ ფეხბურთის ძლიერ ხმას ამ პრობლემის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და შემოგთავაზებთ კრეატიულ და სახალისო გადაწყვეტილებებს, რათა მოვახდინოთ ცვლილებები“, აღნიშნა უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა.
„მოვუწოდებ ყველას, ვისაც ფეხბურთი გულით უყვარს, შეუერთდეს ჩვენს კამპანიას „სუფთა ჰაერი, უკეთესი ფეხბურთი. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოსა და რუმინეთის მაცხოვრებლებს. გარემოს დაცვა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება გლობალური მიზანია, რომელსაც ჩვენ მხოლოდ გუნდურად მივაღწევთ. საბოლოო ჯამში, გადამწყვეტია არა ჩვენი უნარები და ნიჭი, არამედ ჩვენი არჩევანი და ქმედებები“.
თვალი ადევნე, წაახალისე, ილაპარაკე
მთელი ტურნირის განმავლობაში უეფა, საქართველოსა და რუმინეთის ასოციაციებთან ერთად, პრიორიტეტს მიენიჭებს გარემოს დაცვის, მმართველობის და სოციალურ პრინციპებს, რათა მივაღწიოთ ჩვენს ამბიციურ მიზანს, ჩავატაროთ ნახშირბადის ნეიტრალური ღონისძიება და მოვახდინოთ გრძელვადიანი დადებითი გავლენა ადგილობრივ საფეხბურთო ეკოსისტემებზე.
გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ორგანიზატორები ჩაატარებენ მაყურებელთა მობილობის ქცევის ანალიზს, ტურნირის მსვლელობისას ყურადღებით დააკვირდებიან ნახშირბადის ემისიებს, მინიმუმამდე დაიყვანენ გენერატორების გამოყენებას სატელევიზიო მაუწყებლობისთვის და დაამონტაჟებენ გადამუშავების კონტეინერებს ნარჩენების განცალკევების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.
უეფა და ადგილობრივი საფეხბურთო ასოციაციები ასევე მოაწყობენ სემინარს კლიმატის შესახებ, რათა გააზიარონ საუკეთესო პრაქტიკა და შეიმუშაონ ინოვაციური გადაწყვეტილებები ნახშირბადის ემისიათა შესამცირებლად. აღნიშნული სემინარი წარმოადგენს ფეხბურთში გარემოსდაცვით საკითხებზე დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმას.
დაინტერესებული მხარეები ერთად მიისწრაფიან სუფთა და ჯანსაღი მომავლისკენ
უეფას კამპანიამ მოიპოვა ევროკომისიის მხარდაჭერა. კერძოდ, გარემოს დაცვის კამპანიას დადებითად გამოეხმაურნენ ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი და ევროკომისარი ვირგინიუს სინკევიჩიუსი.
„დაე, უეფას კამპანიამ შთააგონოს კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ მრავალი სხვა მოქმედება პროფესიონალური ფეხბურთის სამყაროში. მილიონობით ევროპელს უყვარს ფეხბურთის ყურება და თამაში. ყველა იმსახურებს სუფთა ჰაერის სუნთქვას, იქნება ეს სტადიონზე თუ ქუჩაში“, განაცხადა ფრანს ტიმერმანსმა.
კამპანიას ასევე მხარი დაუჭირეს საქართველოსა და რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელებმა, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ტურნირის პოტენციალს გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით.
„ეს მნიშვნელოვანი ტურნირი ჩვენთვის წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას, გამოვავლინოთ ჩვენი ერთგულება გარემოს დაცვისა და მდგრადობის მიმართ“, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა. „კამპანიის – „სუფთა ჰაერი, უკეთესი ფეხბურთი“ მეშვეობით ჩვენ გვსურს ხალხის ყურადღება მივაპყროთ ინდივიდუალური და კოლექტიური ჩართულობის აუცილებლობას და ვაჩვენოთ, რამდენად დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ფეხბურთს გარემოს დაცვაში. ყველას მოვუწოდებ, ჩაერთოს ამ კამპანიაში“, დასძინა რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, რაზვან ბურლეანუმ.
2020 წლის დეკემბერში ალექსანდერ ჩეფერინმა ხელი მოაწერა ევროპული კლიმატის პაქტს, სადაც მან უეფას სახელით პირობა დადო, რომ გამოიყენებს ფეხბურთის გლობალურ შესაძლებლობებს კლიმატის კრიზისის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. გასულ წელს უეფამ ასევე აიღო პასუხისმგებლობა 2030 წლისთვის ნახშირბადის წმინდა ემისიების 50 პროცენტით შემცირების, 2040 წლისთვის კი ნულოვან ნიშნულამდე დაყვანის თაობაზე.