საქართველოში, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა.
A ჯგუფში, საქართველოს ნაკრები პაიჭაძის სტადიონზე ნიდერლანდებს დაუზავდა (1:1) და ჯგუფი 5 ქულით მოიგო. ნიდერლანდებთან მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 42-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა დააწინაურა. ნიდერლანდელებმა ანგარიში პირველი ტაიმის კომპენსირებულ წუთებზე, კენეთ ტეილორის დარტყმით გაათანაბრეს.
საქართველოს ნაკრებთან ერთად A ჯგუფიდან მეოთხედფინალში პორტუგალიის ნაკრები გავიდა, რომელმაც ბოლო ტურის შეხვედრაში ბელგიას 2:1 სძლია.
საქართველოს და პორტუგალიის მეტოქეთა ვინაობა 28 ივნისს გახდება ცნობილი. C ჯგუფში, ბოლო ტურის შეხვედრაში ინგლისის ნაკრები გერმანიას ბათუმში შეხვდება, ჩეხეთი და ისრაელი კი ქუთაისში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.