უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდნენ. 8 ივლისს, ბათუმი არენაზე, ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ინგლისის და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
ინგლისის 21-წლამდე ნაკრებმა ფინალში თამაშის უფლება ისრაელთან გამარჯვებით მოიპოვა. ბათუმი არენაზე ჩატარებულ პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში, ინგლისელებმა მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. ზუსტი დარტყმები გიბს-უაითის, პალმერის და არჩერის ანგარიშზეა.
დიდი სხვაობა დაფიქსირდა მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ბუქარესტმა უმასპინძლა. ესპანეთის და უკრაინის 21-წლამდე ნაკრებების შეხვედრა უკრაინელთა სწრაფი გოლით დაიწყო. ანგარიში ბონდარენკომ მე-13 წუთზე გახსნა, თუმცა ესპანელებმა რუისის, სანცეტის, ბლანკოს, ოროსის და გომესის გოლებით 5:1 დაამარცხეს მეტოქე და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
8 ივლისს, ბათუმში, ინგლისსა და ესპანეთს შორის გასამართი ფინალური შეხვედრა, 20:00 საათზე დაიწყება.