უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, უეფას ორგანიზებით და NFIP Network-ის ჩართულობით, 1 მაისიდან, თბილისში უსაფრთხოების ოფიცრებისთვის, ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებისთვის და სტიუარდებისთვის სემინარი მიმდინარეობს.
სემინარს ასევე ესწრებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფები და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები.
ღონისძიება მიზნად ისახავს საფეხბურთო მატჩებზე ხალხის მასის უსაფრთხოების მართვის პრინციპებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას, უსაფრთხოების და მომსახურებასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევების გადაჭრას და სფფ-სა და მისი პარტნიორებისთვის ტურნირისთვის მზადების პროცესში მხარდაჭერას.
სემინარის დასკვნითი მოდული სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გახსნა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.
თბილისში მიმდინარე სემინარის მუშაობაში უეფას წარმომადგენლები სტეფენ ფურნჰემი, ფრანკ ვინველდი, ლუკაშ ნალევაი, ქეით ედი, კრის ბეიკერი, ვიქტორაი ვონ დოდერერი, ჩანტალ ჰექტორსი, იუჰა კარჯალაინენი, ზელკო პავლიცა და NFIP Network-ის ხელმძღვანელი ადრიან დინკა მონაწილეობენ.
სემინარი 5 მაისს დასრულდება და კურსის მსმენელები უეფას სერტიფიკატებს მიიღებენ.