უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, თბილისში მიმდინარე უსაფრთხოების სემინარი დასრულდა.
უეფას ორგანიზებით და NFIP Network-ის ჩართულობით გამართული სემინარი, რამდენიმე მოდულისგან შედგებოდა. მათ შორის, სტიუარდებისთვის, შსს-ს წარმომადგენლებისთვის და ერთობლივი ტრენინგისგან, რომელიც ტურნირის პერიოდში უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობას შეუწყობს ხელს.
სემინარი მიზნად ისახავდა საფეხბურთო მატჩებვზე ხალხის მასის უსაფრთხოების მართვის პრინციპებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას, უსაფრთხოების და მომსახურებასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევების გადაჭრას და სფფ-სა და მისი პარტნიორებისთვის ტურნირისთვის მზადების პროცესში მხარდაჭერას.
თბილისში ჩატარებული სემინარის მუშაობაში უეფას წარმომადგენლები ზელკო პავლიცა, სტეფენ ფურნჰემი, ფრანკ ვინველდი, ლუკაშ ნალევაი, ქეით ედი, კრის ბეიკერი, ვიქტორია ვონ დოდერერი, ჩანტალ ჰექტორსი, იუჯა კარაჯალაინენი, მარკ ოტენი, ზოლტ სიჩო, ბრიჯიტა მეიჯორი, შერონ კიკო და NFIP Network-ის ხელმძღვანელი, ადრიან დინკა მონაწილეობდნენ.
სემინარის დასრულების შემდეგ, კურსის მსმენელებს უეფას სერტიფიკატები გადაეცათ.
დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): „როგორც მოგეხსენებათ, 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველო რუმინეთთან ერთად უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის მიმდინარეობისას, საქართველოში 16 მატჩი გაიმართება, მათ შორის ფინალური შეხვედრა.
ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, თბილისში გაიმართა უეფას უსაფრთხოების სემინარი. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის და შესაბამისი უწყებების ჩართულობა, რომ უსაფრთხოების დაცვის კუთხით სანიმუშო და სამაგალითო ჩემპიონატი ჩავატაროთ. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და ყველა უწყებას, რომლებმაც წარმომადგენლები მოავლინეს ამ სემინარზე.
მნიშვნელოვანია, რომ სტიუარდებმა, რომლებიც იმუშავებენ ჩემპიონატზე, შესაბამისი განათლება მიიღეს და 70-მდე ადამიანი არის სერტიფიცირებული”.
სტივენ ფარნჰემი (უეფას უსაფთხოების ექსპერტი): “გასული კვირის განმავლობაში თბილისში მონაწილეობას ვიღებდით უეფას უსაფრთხოების სემინარის მუშაობაში, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში გასამართი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ჩატარდა.
ეს არის ახალი ინიციატივა, რომელიც უეფასთან ერთად წელს დავიწყეთ. გასულ წელს, პარიზში, ჩემპიონათა ლიგის ფინალის დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ საკლუბო და საერთაშორისო ტურნირებისთვის მზადების ფარგლებში მეტის გაკეთებაა საჭირო.
შესაბამისად, დავხვეწეთ და განვავითარეთ ჩვენი სემინარის პროგრამა, რომელიც ამ ერთი კვირის განმავლობაში მივაწოდეთ მსმენელებს. პროგრამა რამდენიმე ელემენტს მოიცავდა. ერთი ელემენტი სტადიონის ტერიტორიაზე მომუშავე სტიუარდებისთვის იყო განკუთვნილი, მეორე პოლიციის წარმომადგენლებისთვის. და ბოლოს, გაერთიანებული სემინარი, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ერთად მუშაობას ყოველთვის მოაქვს უკეთესი შედეგი”.