სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარი თემა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი გახლდათ, რომელიც მიმდინარე წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში იმართება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლება შეხვედრის მონაწილეებს ტურნირის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.
საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის მხრიდან, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობაიშვილი, გენერალური მდივანი და ტურნირის დირექტორი დავით მუჯირი, ვიცე პრეზიდენტი და ტურნირის ელჩი ალექსანდრე იაშვილი და პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტირებული იმ ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც ახალგაზრდულ ჩემპიონატში იღებენ მონაწილეობას, მათ შორის, ნიდერლანდები, ინგლისი, გერმანია, ჩეხეთი, ისრაელი, რუმინეთი, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, ნორვეგია, ესპანეთი.
შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.