ᲡᲢᲐᲓᲘᲝᲜᲔᲑᲘ

ᲞᲐᲘᲭᲐᲫᲘᲡ ᲡᲢᲐᲓᲘᲝᲜᲘ

თბილისი, საქართველო

ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის საშინაო არენაა. სტადიონი 1935 წელს გაიხსნა და თავდაპირველად 23,000 მაყურებელს იტევდა.

1976 წელს ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგად, ტევადობა 78,000-მდე გაიზარდა, ხოლო 2007 წლის რეაბილიტაციის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც ტრიბუნებზე სრულად დამონტაჟდა ინდივიდუალური სავარძლები, ტევადობა 54,000 გახდა.

სარეკორდო დასწრება დინამო არენაზე 1979 წლის 3 ოქტომბერს, დინამოსა და ლივერპულის მატჩის დროს დაფიქსირდა. შეხვედრას 110,000 მაყურებელი დაესწრო.

უკანასკნელი რეაბილიტაცია სტადიონს 2015 წელს ჩაუტარდა, როდესაც არენამ უეფას სუპერ თასის შეხვედრას უმასპინძლა ბარსელონასა და სევილიას შორის. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სტადიონზე განახლდა ინდივიდუალური სავარძლები, დამონტაჟდა ახალი მონიტორები და განახლდა ხმის სისტემა.

ᲛᲔᲡᲮᲘᲡ ᲡᲢᲐᲓᲘᲜᲘ

თბილისი, საქართველო

მიხეილ მესხის სახელობის არენა თბილისში მდებარე მრავალფუნქციური სტადიონია, რომელიც დინამო თბილისის ლეგენდარული ფეხბურთელის სახელს ატარებს. სტადიონი 1952 წელს გაიხსნა და სხვადასხვა დროს თბილისის ლოკომოტივის, საბურთალოს და დინამოს საშინაო არენა იყო.

2001 წელს, სტადიონი დაინგრა და მის ადგილზე ახალი, საქართველოში პირველი მხოლოდ საფეხბურთო არენა აშენდა, რომელიც 27,223 ადამინს იტევდა და ამ მაჩვენებლით საქართველოში მეორე ადგილზეა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რამდენჯერმე ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, ბოლოს კი 2017 წელს, საქართველოში ჩატარებული ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის წინ. ამჟამად, არენა სფფ-ის მფლობელობაშია და როგორც ეროვნული ჩემპიონატის, ისე საერთაშორისო მატჩებისთვის გამოიყენება. სტადიონის ამჟამინდელი ტევადობა 24,600 მაყურებელია.

ᲑᲐᲗᲣᲛᲘ ᲐᲠᲔᲜᲐ

ბათუმი, საქართველო

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ბათუმში 2020 წლის ივლისში დასრულდა და ოქტომბერში გაიხსნა.

არენაზე, რომელიც 20,035 მაყურებელს იტევს, საშინაო მატჩებს ბათუმის დინამო ატარებს.

პირველ ოფიციალურ შეხვედრას სტადიონმა 2020 წლის 21 ნოემბერს უმასპინძლა.

სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავი მოცეკვავეების სილუეტებს იმეორებს.

ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲐᲠᲔᲜᲐ

ქუთაისი, საქართველო

სტადიონი, რომელზეც საშინაო მატჩებს ქუთაისის ტორპედო ატარებს, 1962 წელს გაიხსნა.

არენაზე რეკონსტრუქცია ორჯერ, 1998 და 2010 წლებში ჩატარდა. სწორედ უკანასკნელი განახლების შემდეგ, რომლის ფარგლებშიც, სტადიონზე სრულად დამონტაჟდა ინდივიდუალური სავარძლები, ტევადობა 19,400-დან 12,000-მდე შემცირდა.

არენა ძირითადად საფეხბურთო მატჩებისთვის გამოიყენება და ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას სახელს ატარებს.

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ