სიახლეები

კახა ცხადაძის მეათე მატჩი მთავარი მწვრთნელის პოსტზე

გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2015 წლის სეზონს ტირანაში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრით დაასრულებს. კახა ცხადაძის გუნდი უკვე ხუთი დღეა ალბანეთის დედაქალაქში იმყოფება და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდთან სათამაშოდ ემზადება. მატჩის წინა ბოლო ვარჯიში ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრის მასპინძელ „ქემალ სტაფას“ სტადიონზე  ჩაატარეს. სავარჯიშო პროცესი ერთ საათს გაგრძელდა და მასში 23 ქართველი ფეხბურთელი მონაწილებდა. ტირანაში მყოფი ეროვნული გუნდის თითოეული წევრი ჯანმრთელადაა და ალბანეთთან შეხვედრის მოლოდინშია.

„ალბანეთთან მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებით. ფეხბურთელებთან გვქონდა ხანგრძლივი საუბარი,რადგან მნიშვნელოვანი იყო,რომ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. ესტონეთთან წაგება ფეხბურთელებმა მალე უნდა დაივიწყონ მაგრამ იმ თამაშში დაშვებულ შეცდომებს სერიოზული ანალიზი სჭირდებოდა. ამხანაგური მატჩები ტარდება იმისთვის, რომ გავიგოთ რეალურად ვის რა პოტენციალი აქვს, გარდა ამისა ახალმა ფეხბურთელებმა ზუსტად უნდა გაიგონ, რას ითხოვს მათგან მწვრთნელი. ესტონეთთან მატჩში დაცვაში ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ საჯარიმოსთან ბევრჯერ შევცდით და ბევრი ბრძოლა წავაგეთ, აქედან გამომდინარე გამოვიდა ის შედეგი, რაც მივიღეთ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა თამაში ჩვენი ქვეყნის პრესტიჟია და ეს ფეხბურთელებმაც უნდა გაიგონ. ყველა მატჩს სერიოზულად და პრინციპულად უნდა მივუდგეთ. ალბანეთთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. ესტონეთთან მატჩში ფაქტიურად ყველა ფეხბურთელის პოტენციალი დავინახე და დასკვნებიც გამოვიტანე” - ამბობს კახა ცხადაძე.

47 წლის სპეციალისტისთვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალბანეთთან მატჩი მეათე შეხვედრა იქნება. დღემდე საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ 13 მატჩით აქვთ ჩატარებული. მათ შორის 8 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 3 ალბანელებმა მოიგეს, 2 მატჩში კი ფრე დაფიქსირდა. ალბანეთში ბოლო ამხანაგური თამაში ჩვენმა გუნდმა 2013 წლის თებერვალში ჩაატარა და საქართველოს ნაკრებმა 2:1 გაიმარჯვა. გოლები მათე ვაწაძემ და უჩა ლობჟანიძემ გაიტანეს. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ალბანეთის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ალბანეთი ჯგუფში მხოლოდ პორტუგალიის ნაკრებს ჩამორჩა, საგზურისთვის ბრძოლაში კი დანიის, სერბეთისა და სომხეთის ნაკრებებს აჯობა. ამ დროისთვის ალბანეთი ფიფას რეიტინგის 36-ე ნაკრებია. ალბანეთმა ბოლო ამხანაგური თამაში  14 ნოემბერს, კოსოვოში ჩაატარა და ფრედ 2:2 ითამაშა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამხანაგურ მატჩამდე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა გუნდური თამაშის მნიშვნელობას და მეტოქის შესაძლებლობები შეაფასა - „ ალბანეთი ძალიან სერიოზული გუნდია. კომპაქტური და აგრესიული ნაკრები, არ თამაშობენ აქტიურ პრესინგს, ძირითადად საკუთარ ნახევარზე მოქმედებენ. ბურთის კონტროლიც კარგი აქვთ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობენ, თანამედროვე ფეხბურთი კი ეს არის. დღევანდელ ფეხბურთში ნიჭი არ არის საკმარისი, ეს უკვე ბევრჯერ დატმკიცდა. მთავარია სწორი სირბილი და გუნდური თამაში. ინდივიდუალისტი ფეხბურთელები კარგია, მაგრამ მათ უნდა ისწავლონ სწორად სირბილი და გუნდური თამაში. მთელი მსოფლიო სხვანაირად ფიქრობს თანამედროვე ფეხბურთზე და მაინცდამაინც ჩვენ ვფიქრობთ ასე. ერთი ფეხბურთელი თამაშს ვერ იგებს, ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ. ფეხბურთს 11-11 ზე თამაშობენ“ - განაცხადა კახა ცხადაძემ.

ალბანეთისა და საქართველოს ამხანაგური მატჩი „ქემალ სტაფას“ სტადიონზე, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით მატჩის ტელე-რეპორტაჟი ქართულ სატელევიზიო სივრცეში არ იგეგმება. ინფორმაციას ინტერნეტ სტრიმის შესახებ, ჩვენი ვებ გვერდისა და სოციალური მედიის საშუალებით მიიღებთ. საფრანგეთში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყება.




რამდენიმე საათი ალბანეთთან მატჩამდე - ფოტოალბომი

სფფ-ის პრესსამსახური , ტირანა, ალბანეთი