სიახლეები

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს შესარჩევს ლიტვა

გაუზიარე

დღეს, გამთენიას, ლიტვაში გაემგზავრა საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები. ჩვენი გუნდი, 4-9 აპრილს მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ვილნიუსში გამართავს. მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატი კანადაში გაიმართება და მონაწილეობას სულ 46 ქვეყანა მიიღებს. საქართველო და კიდევ შვიდი ქვეყნის დაბალკოეფიციენტებიანი გუნდები ფიფამ ცალკე დააჯგუფა და ამით, საშუალება მისცა, ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლონ.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა და მისი მეტოქეები მასპინძელი ლიტვა, ფარერებისა და მონტენეგროს ნაკრები გუნდები იქნებიან. A ჯგუფში კი, ალბანეთი, ლუქსემბურგი, მალტა და ლატვია არიან. თითო ჯგუფიდან ორი გუნდი გადის. ასე რომ, ჩვენს ნაკრებს რეალური შანსი აქვს, ჯგუფიდან გასასვლელად იბრძოლოს.  

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - თეიმურაზ სვანაძემ, ვილნიუსში ასეთი შემადგენლობა წაიყვანა:

მეკარეები: ნინო ჭკუასელი („იდმანოჯა“, თურქეთი), თეკლე გულორდავა („ბაია“, ზუგდიდი)

მცველები: ნინო სუთიძე („კონაკ ბელედისპორი“, თურქეთი), თამარ ქველიძე („კარლსრუე“, გერმანია), თამარ ტატუაშვილი („იდმანურდუსპორი“, თურქეთი), ნათია სხირტლაძე („ნორჩი დინამოელი“), თამთა მალიძე („ნორჩი დინამოელი“), სალომე ხუბულური („ნორჩი დინამოელი“), ანა ზაქაიძე („ნორჩი დინამოელი“)

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (უგუნდოდ), თეონა თოდაძე („იდმანურდუსპორი“, თურქეთი), ტატიანა მატვეევა („ატაშეჰირი“, თურქეთი), თეონა ბაქრაძე („ბაია“, ზუგდიდი), მარი ბასილაძე („ნორჩი დინამოელი“)

თავდამსხმელები: ხატია ჭყონია („კარადენიზერელისპორი“, თურქეთი), ლელა ჭიჭინაძე („ნორჩი დინამოელი“), თამარ კვალიაშვილი („ნორჩი დინამოელი“), ანა ჩემინავა („ბაია“, ზუგდიდი)

შესარჩევი მატჩების კალენდარი კი, ასეთია:

4 აპრილი

ფარერები - მონტენეგრო

საქართველო - ლიტვა (19:30. სტადიონი „ვეტრა“, ვილნიუსი)

6 აპრილი

საქართველო - მონტენეგრო

ლიტვა - ფარერები

9 აპრილი

ფარერები - საქართველო

მონტენეგრო - ლიტვა

შესარჩევი მატჩების მიმდინარეობის შესახებ, სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, ყველა სათამაშო დღის ბოლოს შეიტყობთ.

სფფ-ის პრესსამსახური