სიახლეები

ქართველი მსაჯები ახალი სეზონისთვის მოემზადნენ

გაუზიარე

6-13 თებერვალს, სფფ-ის ორგანიზებით, ქობულეთში წინასასეზონო საწვრთნელი შეკრება გამართეს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მსაჯებმა. შეკრებაზე იმყოფებოდა, დაახლოებით, 40 მსაჯი და ასისტენტი. მანამდე კი, თბილისში, "დინამო არენაზე" ჩატარდა მსაჯთა მორიგი ტესტირება ფიზიკურ მომზადებაში, რაც მსაჯების აბსოლუტურმა უმრავლესობამ წარმატებით ჩააბარა. სამწუხაროდ, რამდენიმე მსაჯმა სხვადასხვა მიზეზების გამო ტესტირება ვერ გაიარა. თუმცა, 25 თებერვალს, მათ კვლავ მიეცემათ შესაძლებლობა პირველი ლიგის მსაჯებთან ერთად გაიარონ ტესტი.

რაც შეეხება ქობულეთურ შეკრებას, ერთი კვირის განმავლობაში ქართველმა მსაჯებმა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების კურსი გაიარეს. ქობულეთის სტადიონის ხელმძღვანელობამ კი, მსაჯებს საშუალება მისცა "ჩელე არენაზე" პრაქტიკული ინტეგრირებული მეცადინეობები ჩაეტარებინათ.

აქვე გეტყვით, რომ საერთაშორისო კატეგორიების მქონე ქართველმა მსაჯებმა უკვე მიიღეს დანიშვნები სხვადასხვა ტურნირებზე:

არსენ ნონიკაშვილი მიემგზავრება ფუტსალის FutEuro - ს სანაკრებო შესარჩევ მინი-ტურნირზე სერბეთში.

აპრილის ბოლოს, არბიტრი ლაშა სილაგავა და ასისტენტი ზაზა მენთეშაშვილი ლიტვაში, Regions Cup - ზე არიან დანიშნულები.

არბიტრი თორნიკე გვანცელაძე და ასისტენტი დავით ჩიგოგიძე კი, მარტის ბოლოს შვეიცარიაში გაემგზავრებიან, სადაც 17-წლამდე ნაკრებების ელიტრაუნდის მატჩებს იმსაჯებენ.

მრავლადაა სხვადასხვა საერთაშორისო კურსები და სემინარები, სადაც ქართველი მსაჯებიც მიიღებენ მონაწილეობას. 

მარტში, ფიფას ასისტენტი - ზაზა ფიფია ე.წ. CORE - ს კურსებზეა მივლინებული. ამ კურსსვე მოისმენს აპრილში ფიფას ასისტენტი ხათუნა მაისურაძეც. ამასთან, იმ მსაჯებს, რომელთაც ჯერ არ აქვთ მინიჭებული საერთაშორისო კატეგორია, სფფ აძლევს საშუალებას დაესწრონ უეფას და ფიფას ეგიდით გამართულ კურსებსა და სემინარებს. მაგალითად, აპრილის დასაწყისში, არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი და ასისტენტები - გიორგი ელიკაშვილი და დავით გაბისონია CORE - ის ფარგლებში გამართულ სემინარებში მიიღებენ მონაწილეობას.

5-8 მარტს, ტარდება უეფას ყოველწლიური კურსი ნაციონალური ფედერაციების სამსაჯო ინსტრუქტორებისთვის, სადაც ლევან ფანიაშვილი და მერაბ მალაღურაძე გაემგზავრებიან.

9-12 მარტს კი, მსაჯების ფიტნეს-ინსტრუქტორებისთვის განკუთვნილ კურსებს დაესწრება საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მსაჯების ფიზმომზადების ინსტრუქტორი - დავით ილარიანი.

სფფ-ის პრესსამსახური