სიახლეები

ლევან ფანიაშვილი კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა

გაუზიარე

დღეს, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის მედია-ცენტრში სფფ-ის სამსაჯო განყოფილებისა და უმაღლესი ლიგის კლუბების წარმომადგენელთა დაგეგმილი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას 10 კლუბის წარმომადგენელი ესწრებოდა: "დინამო" თბილისი (ბუბა ტყავაძე - მმართველი დირექტორი), "დილა" (გია ისიანი - მენეჯერი), "ტორპედო" (ლევან სანიკიძე - იურისტი), "ზესტაფონი" (გიორგობიანი - მწვრთნელი), "ჩიხურა" (ვ.თურმანიძე - მწვრთნელი), "ზუგდიდი" (ე.ქომეთიანი - მწვრთნელი), "მეტალურგი" რუსთავი (აკა ქავთარაძე - გუნდის უფროსი), "ვიტ ჯორჯია" (რ.სვანაძე - მწვრთნელი), "სიონი" (თ.ჩაგელიშვილი - მწვრთნელი), "მერანი" მარტვილი (კ.ჩხაბერიძე - მწვრთნელი). შეხვედრას არ დასწრებიან ბათუმისა და ფოთის წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანი იმ სიახლის გაცნობა და კლუბებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება იყო, რომელიც ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატში 24 ნოემბრიდან იგეგმება. საუბარია, ტურის ცენტრალურ მატჩებზე არბიტრის დამატებითი ასისტენტების დანიშვნის შესახებ, რომელზეც ჩვენ წინა დღეებში უკვე ვწერდით.

კლუბების წარმომადგენლები კმაყოფილები დარჩნენ შეხვედრით, რომელიც, დაახლოებით, საათნახევარს გაგრძელდა. ამის შემდეგ, ლევან ფანიაშვილმა განმარტებები დამსწრე ჟურნალისტებისთვისაც გააკეთა და ვიდეომაგალითებიც უჩვენა.

როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში პირველად, 24 ნოემბერს, ჩემპიონატის მე-16 ტურის ცენტრალურ მატჩს თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" შორის, მსაჯთა ექვსკაციანი ბრიგადა მოემსახურება.

სფფ-ის პრესსამსახური