სიახლეები

მომდევნო ტურიდან - „ექვსმსაჯიანობა“ ეროვნულ ჩემპიო

გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მომდევნო, მე-16 ტურის ცენტრალურ შეხვედრას თბილისის „დინამოსა“ და გორის „დილას“ შორის, რომელიც 24 ნოემბერს გაიმართება, მსაჯთა ექვსკაციანი ბრიგადა მოემსახურება.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში, ეს იქნება პირველი მატჩი, სადაც უეფას თანამედროვე მოთხოვნის შესაბამისად, მთავარ მსაჯს დამატებით ორი დამხმარე ეყოლება კარს უკან. „დინამოსა“ და „დილას“ შეხვედრა კი, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე შეირჩა.

სექტემბერში, ერევანში გამართულ უეფასა და მისი წევრი ფედერაციების ხელმძღვანელების სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც სფფ-ის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი ესწრებოდნენ, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი, სწორედ, დამატებითი ასისტენტების თემა იყო.

მსაჯის დამატებითი ასისტენტების გამოყენებით, უკვე ჩატარებულია 1200-ზე მეტი მატჩი უეფას ეგიდით გამართული შეჯიბრებებზე (ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა, ევროპის ჩემპიონატი) და საკმაოდ პოზიტიური შედეგებიც დაფიქსირდა.

რაც შეეხება შიდა ჩემპიონატებს, მაგალითად, ამ სეზონიდან, იტალიის სერია A - ს მატჩებს უკვე მსაჯთა ექვსკაციანი ბრიგადები ემსახურება. სხვა ქვეყნებში კი, მაგალითად, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სლოვაკეთში, რუმინეთში - ექვსი მსაჯი ჩემპიონატების ტოპ-შეხვედრებს მსაჯობს.

14-15 ნოემბერს, ნიონში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ეროვნული ფედერაციების სამსაჯო განყოფილებების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელსაც სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი - ლევან ფანიაშვილიც ესწრებოდა. ე.წ „ვორქშოპში“ უშუალოდ მონაწილეობდნენ უეფას გენერალური მდივანი და საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მთავარი პრეზენტაცია გააკეთა პიერლუიჯი კოლინამ, რომელიც ამჟამად უეფას მთავარი სამსაჯო ოფიცერია. ეს იყო, ასე ვთქვათ, მოსამზადებელი შეხვედრა და საინფორმაციო ხასიათსაც ატარებდა. ლევან ფანიაშვილის თქმით, უეფა მიესალმება შიდაეროვნულ ჩემპიონატებში დამატებითი ასისტენტების სისტემის უკვე ინტენსიურად დანერგვას; ქართველ მსაჯებთან კი, მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარებულია და ხვალ კიდევ იგეგმება ერთი ასეთი სამუშაო შეხვედრა.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ხედავს ამ სისტემის ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატში დანერგვის აუცილებლობას. გაიმართა არაერთი კონსულტაცია და სამუშაო შეხვედრა და როგორც უკვე მოგახსენეთ, 24 ნოემბერს დინამო-დილას მატჩი უკვე მსააჯის დამატებითი ასისტენტებით ჩატარდება. მსაჯები ერთმანეთში რადიოსაკომუნიკაციო სისტემით იკონტაქტებენ. დამატებითი ასისტენტები კი, როგორც მიღებულია, სასიგნალო დროშებით იქნებიან აღჭურვილები.

მიზანი ყველასათვის ნათელია - მთავარ მსაჯს გაუჩნდეს ე.წ „ექსტრა-თვალი“ დამატებითი ასისტენტების სახით, რომლებიც გააკონტროლებენ დარღვევებს საჯარიმოში და მის გარშემო; თავიანთ სამოქმედო ზონებში დაფიქსირებულ საეჭვო სიტუაციებს და გოლის მომენტებს (გადაკვეთს თუ არა ბურთი კარის ხაზს და ა.შ.).

მოკლედ, ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის მომდევნო ტურის ცენტრალური შეხვედრა, ამ ნოვაციის თვალსაზრისითაც ძალზე საინტერესო უნდა გამოდგეს.

სფფ-ის პრესსამსახური