სიახლეები

ორი კვირა ნიონში

გაუზიარე

მატჩის არბიტრის თუნდაც რამდენიმე შეცდომის გამართლებას ე.წ. ადამიანური ფაქტორით რომ ცდილობენ, ვეთანხმებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გუნდი არ ზარალდება. ისე კი, უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება არც გვიჭირს, რადგან ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ტურნირებზე არ ვთამაშობთ და უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირში მონაწილეობაც დღემდე ოცნებათა სფეროშია...

ლევან ფანიაშვილი – სფფ–ს სამსაჯო და სადამკვირვებლო განყოფილების უფროსი, ყოფილი საერთაშორისო არბიტრი: მსაჯობის საკითხი მართლაც ყოველთვის აქტუალური და უმნიშვნელოვანესია. უეფას სამსაჯო განყოფილების ყოფილი შეფის, შვეიცარიელი ივან კორნიუს ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით ნიონში, კოლოვრეს სასწავლო ცენტრში  უკვე მეორედ ჩატარდა სასწავლო, ორკვირიანი კურსი CORE, რომლის მიზანია ევროპის ქვეყნების 25–30 წლის ასაკის, პერსპექტიული მსაჯების კვალიფიკაციის ამაღლება. 28 სექტემბრიდან 12 ოქტომბრამდე ჰოლანდიის, ფარერების, შვეიცარიის, ჩერნოგორიის, ბელორუსის, უელსის, რუმინეთისა და ესტონეთის თითო მსაჯი და ორი ასისტენტი ჰყავდათ მიწვეული. მათ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას კი ვხელმძღვანელობდით უეფას თითო არბიტრი შოტლანდიიდან, საბერძნეთიდან, მოლდოვადან და საქართველოდან. ჩვენს ფუნქციებს ამჯერად მსაჯი – მწვრთნელის სახელწოდება უფრო შეეფერებოდა. ამასთანავე, კურსს ჰყავდა ორი ხელმძღვანელი, უეფას სამსაჯო კომიტეტის წევრები იააპ ულენბერგი და დევიდ ელერეი. სასწავლო პროგრამის რვა თემიდან გამოვყოფ უპირეტესობის პრინციპს, რომელიც ითვალისწინებს ყველაზე რთულ სათამაშო სიტუაციებში არბიტრის მყისიერ, მაგრამ ობიექტურ შეფასებას – შეტევის გაგრძელებას მიენიჭოს უპირატესობა თუ წესის დარღვევა დაფიქსირდეს; გადაწყვეტილების გამოხატვის „ენა“ – სასტვენითა და ჟესტიკულაციით, როცა არბიტრის ყველა მოძრაობა ხაზგასმულად დამაჯერებელი უნდა იყოს; ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად ძალზე მნიშვნელოვანია არბიტრის ყოველი გადაადგილება მოედანზე; ყურადღება გამახვილდა თამაშის განახლების კონტროლზე სტანდარტულ სიტუაციებში; დაუშვებელია გუნდების კონფრონტაცია, მოთამაშეთა აგრესიულობა – ფეხბურთი ხომ უპირველეს ყოვლისა სანახაობაა და მას მილიონობით მაყურებელი ჰყავს...

თეორიული მეცადინეობის დროს, აუდიტორიაში ვუყურებდით სხვადასხვა მნიშვნელოვანი მატჩების ვიდეოეპიზოდებს და განვიხილავდით სიტუაციებს. ძალზე საინტერესო იყო პრაქტიკული მეცადინეობის საათებიც. სპეციალურად მომზადებული ბავშვთა გუნდები თამაშობდნენ და ისეთ სათამაშო სიტუაციებს ქმნიდნენ, როცა არბიტრისათვის ძალზე რთულია დროული და ზუსტი გადაწყვეტილების მიღება. იქვე დადგმული ვიდეოაპარატურა ყველაფერს იწერდა, თამაში ჩერდებოდა და იწყებოდა ეპიზოდების განხილვა. რაკი სიტყვამ მოიტანა, აქვე გეტყვით, რომ დიდ ტურნირებში ვიდეოაპარატურის გამოყენებაზე საუბარი და მსჯელობა საერთოდ არ გვქონია.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ახალგაზრდა არბიტრებმა და ასისტენტებმა შვეიცარიისა და საფრანგეთის დაბალ ლიგებში ორ–ორი მატჩი იმსაჯეს და მათი კვალიფიკაციის შეფასებას ჩვენ, მსაჯი–მწვრთნელები ვაძლევდით. პირადად მე, ლიონში, სოშოში და მეირინში ვიყავი. ახალგაზრდა მსაჯების სწავლებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ახლო წარსულის ცნობილი არბიტრები სტივ ბენეტი და ფილიპ შარპი. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გვერდითი მსაჯი იყო. გვესტუმრა იმავე მატჩის რეფერიც – პიერ ლუიჯი კოლინაც, რომელიც ამჟამად უეფას მთავარი სამსაჯო ოფიცერია. მოულოდნელი და ძალზე საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჰოვარდ ვებთან, რომელიც გერმანია – თურქეთის მატჩის მეორე დღეს ნიონში ჩამოვიდა.

ასეთი სწავლების რეგლამენტი ითვალისწინებს ამავე ჯგუფის კიდევ ერთ შეკრებას 6 თვის შემდეგ. ახალგაზრდა მსაჯებს და ასისტენტებს დაევალათ თვითონვე გამოავლინონ თავიანთი სამი ხარვეზი და ნიონში ჩამოსვლამდე შესძლონ მათი აღმოფხვრა.

უახლოესი, ანალოგიური სწავლების კურსი ამ თვის ბოლოს დაიწყება. ჩვენი სამსაჯო კორპუსის წარმომადგენლები შვეიცარიაში გაზაფხულზე გაემგზავრებიან, მანამდე კი კანდიდატებს საგულდაგულოდ შევარჩევთ.