სიახლეები

ს.კ. `მალიორკა~ უეფას ევროპის ლიგის გათამაშებაზე

გაუზიარე

უეფა ყოველწლიურად ამკაცრებს საკლუბო ლიცენზირების მოთხოვნებს. მიმდინარე წლის მაისში შემუშავდა ახალი დებულებები, რომელბიც მოიცავს არამხოლოდ საკლუბო ლიცენზირების მოთხოვნებს, არამედ შეეხება საფეხბურთო კლუბების მხრიდან ფინანსური `ფეარ-პლეის~ პრინციპების დაცვის მკაცრად გაკონტროლების საკითხებს. ფინანსური `ფეარ-პლეის~ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არაწამგებიანობის ანუ თვითგამოსყიდვის პრინციპში მდგომარეობს, რაც გულისხმობს, რომ საფეხბურთო კლუბი მუდმივად არ უნდა ხარჯავდეს იმაზე მეტს, რასაც იგი წმინდა საფეხბურთო საქმიანობიდან იღებს. უეფას პირველი მსხვერპლი ესპანური `მალიორკა~ აღმოჩნდა. როგორც ამ ქვეყნის ასოციაციაში საკონტროლო ვიზიტის შედეგად გაირკვა, საფეხბურთო ფედერაციამ არასწორად გასცა ლიცენზია აღნიშნულ კლუბზე, რის გამოც პასუხი ესპანეთის ფეხბურთის მმართველ ორგანოსაც მოეთხოვება. უეფა ასევე მალე დაასახელებს იმ ლიცენზირებული ესპანური კლუბის ვინაობას, რომელიც `მალიორკას~ ნაცვლად ჩაერთვება ევროთასების გათამაშებაში.



საფეხბურთო კლუბებმა ასევე ყურადღება უნდა გაამახვილონ ევროთასების ოფიციალურ მატჩებში გუნდების შემადგენლობაში მხოლოდ უფლებამოსილი ფეხბურთელების დაყენების საკითხზე. ამ მოთხოვნის დარღვევისთვის, უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბებს ყაზახეთის `ატირაუს~ (უნგრეთის `დიორთან~) და ჩვენი მეზობელი ქვეყნის `ბაკის~ (ჩერნოგორიის `ბუდუჩნოსტთან~) მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში 0-3 წაგება ჩაეთვალათ, რამაც ხელი შეუშალა ამ კლუბებს საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევაში.



ზემოთ ნახსენებ საფეხბურთო კლუბებს ჯერ კიდევ აქვთ 3 დღე, რათა გაასაჩივრონ დაწესებული სანქციები, თუმცა, როგორც წესი, უეფას ორგანოების გადაწყვეტილებები ეჭვის საფუძველს იშვიათად იძლევა.