სიახლეები

B ლიცენზიის მსურველი მწვრთნელები სწავლას შეუდგნენ

გაუზიარე

15 ოქტომბრიდან, „მიხელ მესხის“ სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში, დაიწყო B კატეგორიის ლიცენზიის მსურველ მწვრთნელთა განათლების კურსები.

აღნიშნულ სასწავლო კურსს მთლიანად აფინანსებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. კურსი ტარდება სფფ-ის მწვრთნელთა ლიცენზირების განყოფილების პატრონაჟით და მას აღნიშნული განყოფილების ხელმძღვანელი - გაიოზ დარსაძე უძღვება. ამ ჯერზე, ლიცენზირებას 19 მწვრთნელი გაივლის.

ეს 19-კაციანი ჯგუფი იმ მწვრთნელებისგან შეირჩა, რომლებმაც მაისში, სპორტის სამინისტროსა და სფფ-ის პროექტის ფარგლებში ჩატარებული კურსები წარმატებით გაიარეს და შემდგომში, სფფ-ის მწვრთნელთა ლიცენზირების განყოფილების მოთხოვნები დააკმაყოფილეს.

შეგახსენებთ, რომ მაისში განხორციელებული პროექტი ითვალისწინებდა C კატეგორიის მწვრთნელთა სპეციალური პროგრამით გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, რათა შემდგომში, მათ B ლიცენზიის აღება გაადვილებოდათ. გადამზადების კურსებს ესპანელი მწვრთნელები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც „ვალენსიას“ აკადემიას წარმოადგენდნენ.

ამჟამინდელი კურსი, უეფას დადგენილი წესების შესაბამისად, 5-კვირიანი იქნება. პედაგოგები და მწვრთნელები სრული დატვირთვით - დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში იმუშავებენ. მოეწყობა პრაქტიკული მეცადინეობებიც.  

როგორც სფფ-ის მწვრთნელთა ლიცენზირების განყოფილების მესვეურები აცხადებენ, სავარაუდოდ, დეკემბერში უკვე A კატეგორიის ლიცენზირების კურსებიც დაიწყება.

დღეს, მწვრთნელებს სწავლების პროცესის დაწყება სფფ-ის პრეზიდენტმა პირადად მიულოცა. „ძალიან მიხარია, რომ თქვენს ჯგუფში ამდენ ახალგაზრდას ვხედავ. სასიამოვნოა, რომ კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლის სურვილი გაქვთ. მინდა გითხრათ, რომ თქვენს ჯგუფს დიდი ყურადღება მიექცევა. ინტერესით გადევნებთ თვალს და თავიდან ბოლომდე თქვენს გვერდით მიგულეთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყველა პირობას შეგიქმნით, რომ სწავლების პროცესმა უმაღლეს დონეზე ჩაიაროს. გისურვებთ წარმატებებს“ - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

სფფ-ის პრესსამსახური