სიახლეები

ავთანდილ ასათიანის პრესკონფერენცია სფფ-ში

ფუტსალი
გაუზიარე

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ავთანდილ ასათიანმა ევროშესარჩევში ნაკრების გამოსვლა სფფ-ში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა. პრესკონფერენციას ნაკრების ფეხბურთელი - დავით ბობოხიძეც ესწრებოდა. 

მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღის წინ, ფუტსალის ნაკრებმა ქართველ გულშემატკივარს დიდი სიხარული მიანიჭა, როცა მალტაზე გამართულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარმატებით იასპარეზა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა პირველ შეხვედრაში მალტის ნაკრები დაამარცხა დიდი ანგარიშით - 9:0. შემდეგ, მოლდოვასთან ითამაშა ფრედ - 5:5 და მეტოქეებს შორის გამართული მატჩის შედეგს დაელოდა, რომელიც მოლდოველთა სასარგებლოდ - 4:1 დასრულდა და ამრიგად, ბურთების უკეთესი სხვაობით ელიტრაუნდში ასათიანის გუნდი გავიდა.

ელიტრაუნდი აპრილში, ჰოლანდიაში გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეები მასპინძელი ჰოლანდია, ჩეხეთი და ბელარუსი იქნებიან. ავთო ასათიანის თქმით, ელიტრაუნდამდე დარჩენილი დრო გუნდმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს და სერიოზულად მოემზადოს. 

"ჩვენი მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლა იყო და მიხარია, რომ ამ ამოცანას თავი გავართვით და გულშემატკივარი გავახარეთ. გვინდოდა, ქულათა მაქსიმუმი დაგვეგროვებინა, თუმცა, მოლდოვასთან ფრე ვითამაშეთ. ამ გუნდთან ჩვენ ჩვენი ანგარიშები გვქონდა და ძალიან გვინდოდა მოგება, თუმცა, მთავარი ისაა, რომ ელიტრაუნდში ჩვენ გავედით და არა მოლდოვა. ბიჭებმა სული და გული ჩადეს თამაშებში, თავგანწირვით იბრძოლეს. არასდროს დამავიწყდება მათი განწყობა, ანთებული თვალები და სიხარულის ცრემლები.

მოგეხსენებათ, ელიტრაუნდი სულ სხვა დონეა და ამიტომ, ძალიან სერიოზულად უნდა მოვემზადოთ. გულშემატკივარს ვპირდებით, რომ მთელ მონდომებას, ძალას და ღონეს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მათ კიდევ ერთი სიხარული ვაჩუქოთ. ჩვენ სერიოზული მეტოქეების არ გვეშინია, პირიქით. ამ მატჩებში დიდ გამოცდილებას მივიღებთ" - განაცხადა ავთო ასათიანმა.

სფფ-ის პრესსამსახური