სიახლეები

2013 წლის ფუტსალის თასის ოთხთა ფინალს თბილისი უმასპინძლებს!

ფუტსალი
გაუზიარე

დღეს, ლოზანაში, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდა -  ფუტსალში 2013 წლის უეფას თასის ოთხთა ფინალს თბილისი უმასპინძლებს!

უეფას ფუტსალის ტურნირებში, ეს რანგით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის შეჯიბრებაა. მოგეხსენებათ, ამ ტურნირზე ჩვენს ქვეყანას საუკეთესო კლუბი - "იბერია სტარი" წარმოადგენს. ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგეები იქნებიან "ბარსელონა", მოსკოვის "დინამო" და "ქაირათი". შეჯიბრება აპრილის ბოლოს გაიმართება; უეფას რეგულაციის მიხედვით, 25-26 აპრილს ნახევარფინალები, ხოლო 27-28 აპრილს კი, შეხვედრა მესამე ადგილისთვის და ფინალი. მანამდე, მარტში, წილისყრა გაიმართება, სადაც გუნდები ნახევარფინალებისთვის დაწყვილდებიან და ამ ღონისძიებასაც თბილისი უმასპინძლებს.

დღესვე, ამ თემაზე სფფ-ის ოფისში ფედერაციის პრეზიდენტის - ზვიად სიჭინავას საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ სფფ-ის გენერალური მდივანი - რევაზ არველაძე, ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი - ლევან ცქიტიშვილი და "იბერია სტარის" პრეზიდენტი - ვახტანგ წერეთელი.

სფფ-ის პრეზიდენტმა ყველას მიულოცა ეს წარმატებული ნაბიჯი და აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები ჩვენს ქვეყანას და ქართულ ფეხბურთს სასიკეთოდ წაადგება. "ეს დიდი გამარჯვებაა ჩვენთვის. თუმცა, ამავე დროს, უდიდესი პასუხისმგებლობაც, რადგან ძალიან სერიოზული სამუშაოები გვექნება ჩასატარებელი. უპირველესად, დარბაზის სათანადოდ მოწესრიგება, სასტუმროები, კვების ობიექტები.... და ათასი სხვა დეტალი, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ყველა ძალიან გახარებულები ვართ და მადლობა უეფას ასეთი ნდობისთვის. ახლა, მთავარია ჩვენი გუნდი მოემზადოს სათანადოდ. ძალიან ბევრს ნიშნავს საკუთარ მოედანზე თამაში, სადაც ყველა და ყველაფერი შენსკენაა. ამიტომ, ვიმედოვნებთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ "იბერია სტარი" ტურნირის ფინალში ვიხილოთ. მინდა, რომ ყველა ერთად დავდგეთ - სახელმწიფო, ფედერაცია, მასმედია, გულშემატკივრები და ერთად ვიზეიმოთ კიდევ არაერთი წარმატება" - განაცხადა ზვიად სიჭინავამ. 

"იბერია სტარის" პრეზიდენტის თქმით, გუნდი ძალიან სერიოზულ მომზადებას გაივლის და სავარაუდოდ, იანვარში ახალი ფეხბურთელებითაც გაძლიერდება. თუმცა, ამ ეტაპზე,  ვახტანგ წერეთელმა კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა.  

სფფ-ის პრესსამსახური