სიახლეები

სფფ-ის აღმასკომი ყრილობამდე შეიკრიბა

აღმასრულებელი კომიტეტი
გაუზიარე

4 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი კიდევ ერთხელ შეიკრიბა. კომიტეტმა შემდეგი საკითხები განიხილა:

1. სფფ-ში საფეხბურთო კლუბების გაწევრიანების შესახებ

 

 

2. 2012-13 წწ. ლიცენზირების წინასწარი შედეგების შესახებ

 

 

3. ლიცენზირების კომიტეტის წევრების დამოუკიდებლობის დამტკიცების შესახებ

 

 

4. სკ „ზესტაფონის“ პრეზიდენტის - ი.კოკაიას განცხადების შესახებ

 

 

5. სხვადასხვა

 

 

სხდომაზე საკმაო ხანს მსჯელობდნენ მეორე საკითხის გარშემო. როგორც სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათიდან გახდა ცნობილი, ლიცენზირების კომიტეტმა განიხილა საფეხბურთო კლუბების მიერ სალიცენზიო პერიოდში წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნები და შემდეგ გადაწყვეტილებამდე მივიდა:

 

 

უეფას და ეროვნული ლიცენზიები გაიცა შემდეგ საფეხბურთო კლუბებზე: „ზესტაფონი“, „მეტალურგი“, „ტორპედო“, „დინამო თბილისი“, „დილა“

 

 

მხოლოდ ეროვნული ლიცენზია გაიცა შემდეგ სამ კლუბზე - „მერანი“ (მარტვილი), „ჩიხურა“, „სიონი“. დანარჩენ კლუბებს კი, უარი ეთქვათ უეფასა და ეროვნულ ლიცენზიებზე. შესაბამისად, ლიცენზიების გარეშე არიან „ვიტ ჯორჯია“, ზუგდიდის „მგლები“, „კოლხეთი“ და ბათუმის „დინამო“.

 

 

როგორც აღმასკომზე განაცხადეს, ლიცენზიების არქონისთვის კლუბები აუცილებლად დაისჯებიან. სხვადასხვა სახის დარღვევებისთვის, საფეხბურთო კლუბებს, შესაძლოა, დაუწესდეთ სადისციპლინო სანქციები სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის შესაბამისად.

 

 

ფინანსური სანქციების დაწესება დღის წესრიგში დადგება შესაბამის ტურნირში მონაწილეობის შემთხვევაში.

 

 

უეფას ლიცენზიის გარეშე, კლუბი მონაწილეობას ვერ მიიღებს უეფას საკლუბო ტურნირებში. ხოლო ეროვნული ლიცენზიის გარეშე, კლუბის უმაღლეს ლიგაში დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას სფფ-ის აღმასკომი, ფედერაციის წესდების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, კლუბის მიმართ გამოიყენება სანქციები ჩემპიონატში ულიცენზიოდ მონაწილეობისთვის.

 

 

ამის შემდეგ, აღმასკომი გაეცნო სკ „ზესტაფონის“ პრეზიდენტის - ილია კოკაიას ფედერაციისადმი მოწერილ წერილს, სადაც კოკაია ეჭვს გამოთქვამს მერანი-მეტალურგის თამაშზე, რომ „ჩაწყობილი“ იყო. ამ საკითხთან მიმართებაში, აღმასკომმა მოუსმინა სხდომაზე საგანგებოდ მოსულ „მეტალურგის“ ყოფილ ხელმძღვანელს - ბუბა ტყავაძეს, რომელიც ბრალდების დაუსაბუთებლობის შემთხვევაში, კოკაიას დასჯას ითხოვდა.

 

 

მსჯელობის შემდეგ, აღმასკომმა დაადგინა, რომ შეიქმნას ეთიკის საგანგებო კომისია, შემუშავდეს ეთიკის კოდექსი და ამიერიდან, ყველა მსგავსი შინაარსის წერილი თუ საჩივარი ამ კომისიამ განიხილოს, ვინაიდან აღმასკომი სადამსჯელო ორგანო არ არის. ამ საკითხის მოგვარების ბოლო ვადა 1 ივლისია.

 

 

აღმასკომმა დაამტკიცა 5 ივნისს გასამართი ყრილობის რეგლამენტი. სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტს - გია ფირცხალავას კი, დაევალა 1 ივლისამდე შეხვდეს კლუბების წარმომადგენლებს და პროფესიული ფეხბურთის ლიგის ამუშავებასა და მის სამომავლო საქმიანობაზე აქტიურად იმუშაოს. როგორც ცნობილია, უმაღლესი ლიგის კლუბების უმრავლესობის სურვილი პროფლიგის აღდგენაა.

 

 

ამასთან, სფფ-ის პრეზიდენტის თქმით, აღმასკომის წევრი და სპორტის მინისტრის მოადგილე - დავით ნამგალაური კურირებას გაუწევს ფუტსალის ასოციაციაში აქამდე არსებულ პრობლემებს. თავად ასოციაციას კი, დაევალა, 1 ივლისამდე სფფ-ში წარმოადგინოს ახალი წესდება და ის სამოქმედო გეგმა, რომლითაც ისინი მუშაობას აპირებენ.

 

 

ქართული კლუბებისთვის დაწესებულ პრემიებს კი, ადრესატები უმოკლეს ვადებში მიიღებენ, რათა ევროტურნირებითვის მოსამზადებლად და სხვა საჭირო საკითხების მოსაგვარებლად გამოიყენონ.

 

 

შეგახსენებთ, რომ სფფ-ის საანგარიშო ყრილობა ხვალ, 5 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში გაიმართება.

 

 

სფფ-ის პრესსამსახური