სიახლეები

გეგმიური აღმასკომი და ახალი ვიცე–პრეზიდენტი

აღმასრულებელი კომიტეტი
გაუზიარე

 დღეს, „მიხეილ მესხის“ სტადიონის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი შეიკრიბა. აღმასკომის 18 წევრიდან, წარმოდგენილი იყო 13 სუბიექტი.

სხდომას სფფ– ს პრეზიდენტი – ზვიად სიჭინავა უძღვებოდა.

 

 

სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო 6 საკითხი.

 

 

პირველ საკითხზე, რომელიც შეეხებოდა სფფ– ს წესდების 68– ე მუხლის მოქმედებაში მოყვანას,  ხანგრძლივი მსჯელობა გაიმართა. ზემოთაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა შეჯიბრის (საქართველოს ჩემპიონატი ყველა ლიგაში, საქართველოს თასი, ახალგაზრდული შეჯიბრებები) გამართვის ორგანიზება მოხდება ცენტრალიზებულად, სფფ– ს შესაბამისი ორგანოების მიერ. საბოლოოდ, აღმასკომმა ეს საკითხი ერთხმად დაამტკიცა.

 

 

მეორე საკითხი შეეხებოდა სფფ– ს წევრებისთვის ყოველწლიური საწევრო შენატანის ოდენობის დადგენას. საწევრო შენატანი იქნება 500 ლარი წელიწადში.

 

 

მესამე საკითხი შეეხებოდა სპეციალური კომიტეტის შექმნის საკითხს, რომელიც მსაჯების საქმიანობას გაუწევს მონიტორინგს.

 

 

სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილია თანხა – 500 ათასი ლარის ოდენობით, რაც მოხმარდება მსაჯთა კორპუსს, მათი შრომის ანაზღაურების მომატებას, კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლებას. სწორედ, ამასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას სპეციალური კომიტეტი, რომელიც განიხილავს და მონიტორინგს გაუწევს შეჯიბრებებს ყველა დონეზე; მსაჯთა დისციპლინარული გადაცდომისას, მიიღებს ფინანსური სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას.

 

 

სფფ– პრეზიდენტის თქმით, კომიტეტი პროფესიონალებისგან უნდა დაკომპლექტდეს და მჭიდროდ ითანამშრომლოს სამსაჯო კომიტეტთან. თავის მხრივ, სამსაჯო კომიტეტმა, ფინანსებთან დაკავშირებული სადავო საკითხები, სწორედ, ამ კომიტეტს უნდა წარუდგინოს.

 

 

აღმასკომმა ასევე მოისმინა და განიხილა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მომართვა საფეხბურთო კლუბ „გურიასთან“ დაკავშირებით და საფეხბურთო კლუბების – ტყიბულის „მეშახტე“– სა და წყალტუბოს „სამგურალი“– ს წერილები.

 

 

ბოლოს, სფფ– ს პრეზიდენტმა აღმასკომს ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტის პოსტზე დასამტკიცებლად წარუდგინა პროფესიული საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელის – გია ფირცხალავას კანდიდატურა, რომელიც აღმასკომის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს.  

 

 

 

 

სფფ– ს პრესსამსახური