სიახლეები

რამაზ შენგელიას შუადღე

გაუზიარე

   ... ისე, სიმართლე გითხრა, 55 წელი დიდი ვერაფერი თარიღია, არც იქეთაა, არც აქეთ. 60 _ კარგია, 75 _ კი მთლად უკეთესი, მეუბნება რამაზ შენგელია და როგორც ყოველთვის, ერიდება საკუთარ თავზე ლაპარაკი 1978 და 1981 წლების სსრკ- საუკეთესო ფეხბურთელს, სპორტის დამსახურებული ოსტატს, ღირსების ორდენის კავალერს...

   ... ქუთაისში ფეხბურთი და კალათბურთი ყოვლთვის განსაკუთრებით უყვარდათ. თამაში მეც ადრე დავიწყე და უფროსი ბიჭები ჩემს არჩევას ცდილობდნენ. ალბათ, გოლის გატანა რომ მეხერხებოდა იმიტომ. მერე კარლო ხურციძე მზრდიდა და ასე აღმოვჩნდი ტორპედოში. 1975 წლის სეზონის ტორპედოში ჯემალ ხერხაძე, როლანდ ფესტვენიძე, შოთა ოქროპირაშვილი, მერაბ ჩახუნაშვილი, ჟორა აბზიანიძე გამოცდილი ფეხბურთელები იყვნენ, ჩვენს მწვრთნელს გიგა ნორაკიძეს ახალგაზრდების დაწინაურებაც უყვარდა და იმ წელს უმაღლეს ლიგაში რომ გადავსულიყავით, არავის გაუკვირდებოდა. მაგრამ, კუიბიშევში წავაგეთ და მინსკის დინამომ გადაგვასწრო. ერთი წლის მერე თბილისის დინამოში წამოვედით ჯერ ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა და მე, მერე _ თენგიზ სულაქველიძე და ბოლოს ზაურ სვანაძე.

   დინამოს კლასი და დონე სხვა იყო და დიდი შრომა დაგვჭირდა ადაპტაციისათვის, გუნდის სტილსა და ხასიათს ჩვენ უნდა მოვრგებოდით, სხვანაირად არაფერი გამოვიდოდა, ნოდარ ახალკაცს, კახი ასათიანს, სერგო კუტივაძეს, გივი და ლევან ნოდიებს და ჩვენ თაობას არ გაგვჭირვებია საერთო ენის გამონახვა და ისეთი გამარჯვებები მოვიდა, რომლებსაც მართლაც ვიმსახურებდით. ოთარ გაბელია კარის ხაზზე შეუცდომლად ირჩევდა ადგილს; თამაზ კოსტავას თუმცა ტრავმამ შეუშალა ხელი, მაგრამ მაინც მაღალ დონეზე ითამაშა; ნოდარ ხიზანიშვილი დაცვის ნებისმიერ პოზიციაზე საიმედოდ იდგა; საშა ჩივაძეზე რა უნდა ვთქვა _ გამორჩეული იყო დინამოში და ნაკრებში; შოთა ხინჩიგაშვილივით ბურთის ართმევა რომ სცოდნოდა, სხვა ასეთი მცველი მე არ მინახავს; გია თავაძეს არ ეშინოდა ბურთისათვის ბრძოლა, წინ მიდიოდა და ძლიერადაც ურტყამდა; ვიტალი დარასელია დაუღალავად მოძრაობდა, ყველაფერი იცოდა და გუნდის ლიდერობაც ელოდა; თენგიზ სულაქველიძე _ უნივერსალური, ნახევარდაცვისა და დაცვის ნებისმიერ პოზიციაში ერთნაირად ძლიერი იყო; ზაურ სვანაძე ფუტკარივით დაუღალავად, მეტად სასარგებლოდ შრომობდა; ნუკრი კაკილაშვილი _ ტექნიკური იყო, ბურთს თავისუფლად ფლობდა და პოზიციის შერჩევაც იცოდა; ვოვა გუცაევი ბურთს რომ მიიღებდა და მცველისკენ შებრუნდებოდა, ის საქმე დამთავრებული იყო. მეყოლე კარგად _ ვფიქრობდი გაუბედურებულ მცველზე; დათო ყიფიანი _ ნამდვილი დირიჟორი, ის არეგულირებდა შეტევის მიმართულებას, ტემპსა და რიტმს... მე? ბევრს ვმოძრაობდი, გოლის გატანის ალღო მქონდა და პარტნიორებიც საუცხოო მყავდა. ისინი შეტევებს იწყებდნენ, ანვითარებდნენ, მე კი _ ვაგვირგვინებდი, აწყობილი გუნდი იყო დინამო...

   რამაზ შენგელიამ საკავშირო ჩემპიონატის 282 მატჩში _ 120 გოლი გაიტანა; თასის გათამაშების 34 მატჩი - 12 გოლი, 87 საერთაშორისო მატჩი _ 47 გოლი; მათ შორის ევროთასების 37 მატჩში _ 19 გოლი, ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 26 მატჩში _ 10 გოლი.

  ... ჩვენი გუნდის მთავარი კოზირი ტექნიკა იყო. გაუთავებელი სირბილით და მხოლოდ ფიზიკური მომზადებით დიდს ვერაფერს მიაღწევ. არ დამავიწყდება, ესპანეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე, ბრაზილიელებს პირველ ტაიმში მართლაც რომ შევასკდით, თავდაუზოგავად ვითამაშეთ და გოლიც გავიტანეთ. მეორე ტაიმში, როცა ბრაზილიელებმა მოკლე და გრძელი პასებით გააგორ-გამოაგორეს ბურთი, ჩვენ უკვე ფაქტიურად ვეღარ ვმოძრაობდით და მცველებს ვეხუტებოდით, რომ არ წავქცეულიყავით. რატომ გეცინება?! კი ბატონო, პირველ ტაიმში მსაჯმა არ დანიშნა პენალტი, როცა მე ხელზე მომქაჩა და წამაქცია მცველმა, ერთხელაც კარგად მოვატყუე ორი ბრაზილიელი. მაგრამ, ბრაზილია ხომ მაინც გვჯობდა?! მიყვარდა მათი არიტმიული თამაში, ძალიან მომწონს არგენტინელთა მოკლე პასებიც. მესი მეტად ძლიერი ფეხბურთელია, თუმცა ბარსელონა, როგორც გუნდი, უფრო მნიშვნელოვანი მოვლენაა და თანამედროვე ფეხბურთის განვითარების, წინსვლის ნამდვილი სტიმულია.

   მაგრამ, ისე არავინ გამიგოს, თითქოს ფიზიკური მომზადების ფასი არ ვიცოდით დინამოელებმა. ნოდარ ახალკაცს ყველაფერი გათვლილი ჰქონდა და მისი დამსახურებაა, ქუთაისიდან ჩამოსულებმა დინამოს ძირითად შემადგენლობაში თამაში ასე მალე რომ დავიწყეთ. მე არ შემხვედრია მწვრთნელი, რომელსაც შეეძლო თავისი სტრატეგიული თუ ტაქტიკური ჩანაფიქრის მოედანზე გადმოტანა და განხორციელება ისე, როგორც ახალკაცმა იცოდა.

  და მაინც, მაღალი კლასის გუნდის შექმნა, მხოლოდ ნიჭიერ თაობას შეუძლია, ნიჭიერები კი ადმინისტრაციული ღონისძიებებით და ზევიდან ბრძანებით არ მოდიან. 10_12 წელი ზოგჯერ ისე გაივლის, დიდ საფეხბურთო ქვეყნებსაც არ ჰყავთ ხოლმე ნამდვილი ვარსკვლავი, ტრადიციების გამგრძელებელი და ქვეყნის სიამაყე...

   ისე, ფეხბურთს ფილოსოფია არ უყვარს და ვატყობ, რომ ბევრი ვილაპარაკე. ფეხბურთს ახლა უმეტესად ტელეეკრანზე ვუყურებ და ვერ დაგიმალავთ, ამდროინდელი ფეხბურთელების არც მშურს და გულიც არაფერზე მწყდება. 27 წლის ასაკში დინამოსთან ერთად, პრაქტიკულად უკვე განვლილი მქონდა ტრიუმფის პერიოდი და მერე უმტკივნეულოდ შევეგუე იმ აზრს, რომ ტრიბუნების ტაში მუდმივად არ იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში...

  კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ. გავახსენე თბილისში სსრკ_ჩეხოსლოვაკიის მატჩში გატანილი ორი გოლი. მარცხენა ფლანგიდან ბურიაკის მიერ ჩამოწოდებულ ბურთზე ყველას რომ დაასწრო _ ეს რამაზ შენგელიას საფირმო სოლო იყო, ანდა დიუსელდორფში, ვლადიმერ გუცაევის გოლის პრელუდია!.. სალაპარაკოს რა გამოლევს, როცა შეხვდები საკავშირო ჩემპიონატების ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს მედლების, სსრკ_ თასის, ევროპის ქვეყნების თასების თასის მფლობელს _ რამაზ შენგელიას, საქვეყნოდ აღიარებულ ფეხბურთელს, დიდი ოჯახის მზრუნველ თავკაცს, ახლობლების სიყვარულით განებივრებულს, მეუღლე მუდამ თავს რომ დასტრიალებს, ცივ ნიავსაც არ აკარებს და კიდევ 45 გაზაფხულს ჰპირდება...

 

 

 დავით ქლიბაძე