სიახლეები

საქართველო 0:1 აზერბაიჯანი წაგება მოგების შემდეგ

გაუზიარე

დღეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა რუსთავში, ”ფოლადის” სტადიონზე აზერბაიჯანელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.



ერთადერთი გოლი სტუმართა ფეხბურთელებმა კონტრშეტევით გაიტანეს: სოლთანოვმა დასწრებაზე ითამაშა და დგებუაძის კარი დალაშქრა - 0:1.



იმ მომენტისთვის აზერბაიჯანის 19-წლამდელთა ნაკრების კარს ქართველი მეკარე იცავდა: კაპიტანი სადიგოვი თავდამსხმელთან შეჯახებისას დაშავდა და თამაში ვეღარ გააგრძელა და რადგან მეტოქეთა სათადარიგო სკამზე მეორე მეკარე არ იყო, აზერბაიჯანელთა კარის დაცვა ავთანდილ ცერცვაძემ გააგრძელა. უნდა ითქვას, რომ მან დაკისრებულ მოვალეობას თავი ჩინებულად გაართვა: სხვა თუ არაფერი, მატჩის უკანასკნელ წუთზე გარდაუვალი გოლისგან იხსნა კარი - რეზო ღვინიაშვილის დარტყმული მოიგერია.



გუშინწინდელი შეხვედრისგან განსხვავებით, ჰაინც ტოპმიოლერმა ლევან ყენია არ ათამაშა: ახალგაზრდულ ნაკრებში მიწვეულ ”ლოკომოტივის” გამთამაშებელს დასვენების საშუალება მისცა.



შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე ჰაინც ტოპმიოლერის გუნდი კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს: ქართველი ჭაბუკები სექტემბერში რუმინეთში მასპინძლებს დაუპირისპირდებიან.



* * *



ამხანაგური მატჩი. 17 აგვისტო, 2007. რუსთავი, ”ფოლადი”. 200

საქართველო 0:1 აზერბაიჯანი

გოლი: 0:1 ბ.სოლთანოვი (25)

საქართველო: ი.დგებუაძე, რ.ღვინიაშვილი, ვ.ქვრივიშვილი (კაპ), თ.შონია, ვ.ვაჩიბერაძე, ლ.ცუცქირიძე, თ.ჩარგეიშვილი, ნ.მაისურაძე, გ.ჯოხაძე (გ.კვანტალიანი 46), ზ.ბეგლარიშვილი (მ.ხოკერაშვილი 56), რ.წულაძე

მწვრთნელი: ჰაინც ტოპმიოლერი

აზერბაიჯანი: ე.სადიგოვი (კაპ) (ა.ცერცვაძე 14), ბ.ქარიმოვი, შ.რახიმოვი, ფ.ვაჰაბზადე (ე.მუსტაფაევი 20), ე.ქაბრაილოვი, ქ.მამადოვი, მ.ქავადოვი (ე.აჰმადოვი 70), ე.ჰაჩიევი (ე.ქულიევი 40, ფ.ჰარვერდიევი 63), რ.ალიევი (ე.შიკიევი 87), ე.ალმამადოვი (ტ.ბაირამლი 84), ბ.სოლთანოვი

მწვრთნელი: არიფ ასადოვი

გაფრთხილება: ე.ქაბრაილოვი

მსაჯები: გ.ვადაჭკორია; შ.ქუხილავა, ბ.ჭიჭინაძე