სიახლეები

ამხანაგური მატჩი საქართველო 2:0 რუმინეთი

გაუზიარე

დღეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა თბილისში, ”ამერის” სტადიონზე რუმინეთის 19-წლამდელთა ნაკრებს უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. ზაურ სვანაძის ხელმძღვანელობით გამართული პირველივე მატჩი ქართველი ჭაბუკებისთვის გამარჯვებით დასრულდა.



მასპინძლებმა ტაიმებში თითო გოლი გაიტანეს: 41-ე წუთზე რუმინელი მცველების უყურადღებობით ისარგებლა ირაკლი ხუციძემ და საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმის მეოთხე წუთზე კი შეცვლაზე შესულმა მიხელ ხოკერაშვილმა ასევე შეცვლაზე შესული გიორგი სარაჯიშვილის შესანიშნავი პასის შემდეგ გააორმაგა უპირატესობა.



ქართველმა ჭაბუკებმა კიდევ რამდენიმე კარგი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, თამაშის მიწურულს კი ვაჟა ნემსაძემ ბურთი ძელს მოარტყა. ხაზგასასმელია, რომ შესვენების შემდეგ ზაურ სვანაძის გუნდმა აშკარად აჯობა მეტოქეს.



ქართველი და რუმინელი 19-წლამდელების მეორე მატჩი ზეგ, 26 ივლისს შედგება გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე. მეორე შეხვედრაც 18 საათზე დაიწყება.



დღევანდელი მატჩით სამსაჯო კარიერა დაასრულა ეროვნული კატეგორიის არბიტრმა მალხაზ მაისურაძემ, რომელიც ერთი წლის შემდეგ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის და თასის გათამაშების მატჩებზე მსაჯთა დამკვირვებლად მოგვევლინება.



* * *



ამხანაგური მატჩი. 24 ივლისი, 2008. თბილისი, ”ამერი”, 300

საქართველო 2:0 რუმინეთი

გოლები: 1:0 ი.ხუციძე (41), 2:0 მ.ხოკერაშვილი (49)

საქართველო: გ.მაკარიძე, გ.გეთიაშვილი, ლ.კაკუბავა (გ.სარაჯიშვილი 46), ბ.ტატუნაშვილი, გ.სალარიძე, ი.ხუციძე (ც.ბუკია 85), თ.თარხნიშვილი (კაპ), თ.შონია (ლ.საცერაძე 81), გ.იჩქითი (მ.ხოკერაშვილი 46), მ.როსტიაშვილი (ვ.ნემსაძე 74), ე.ფილია (ი.კვეკვესკირი 46)

მწვრთნელი: ზაურ სვანაძე

რუმინეთი: ბ.ფარკაში, კ.სავიმი, ს.მუტი, კ.რაპა (ი.მირონი 46), ს.კუკუ (ა.ბარბულოვიკიუ 31), ი.პოპესკუ, მ.ალექსი (კაპ) (ო.იონესკუ 88), მ.მანუ, დ.ალიბეკი (ს.სანოუ 85), კ.მატეი (ვ.როსუ 52), მ.სტეფოი

მწვრთნელი: კორიან ვასაი

გაფრთხილება: მ.ალექსი, კ.მატეი, მ.როსტიაშვილი

მსაჯები: მ.მაისურაძე; ე.ნარმანია, თ.მამისაშვილი; ხ.მაისურაძე