სიახლეები

ევრო 2008-ის შესარჩევი ტურნირი ბულგარეთი 2:5 საქ

გაუზიარე

გუშინ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთში ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დაასრულა - მასპინძელ თანატოლებს 5:2 სძლია.



მატჩი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა და მიუხედავად იმისა, რომ ბულგარელებმა შესვენებამდე წინ გასვლა მოახერხეს, საბოლოო ჯამში ჰერბერტ ცანკერის გუნდმა დიდი ანგარიშით გამარჯვება შეძლო - ჩვენი გუნდი ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა.



ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს მე-15 წუთზე ათანასოვმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა თანაგუნდელთა შეტევამ ხუთ წუთში კი პავლოვმა პენალტი გამოიყენა - ნორვეგიელმა არბიტრმა სვენ-ერიკ ედვარტსენმა ჩვენი გუნდის კაპიტანი დათარ რიგვავა წესების დარღვევაში დაადანაშაულა და მასპინძელთა სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა.



საქართველოს ნაკრებმა შესვენებამდე მოახერხა ორივე გოლის გაქვითვა - ჯერ ირაკლი შეყილაძემ, შემდეგ კი ნიკა ძალამიძემ დაარტყეს ზუსტად.



მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და გარდა გატანილი სამი გოლისა, ჰერბერტ ცანკერის ბიჭებმა კიდევ არარეთი საგოლე შანსი ვერ გამოიყენეს (ანანიძე, შონია, კაჭახიძე, შეყილაძე, გუგუჩია...). გოლები კი იმავე ძალამიძემ, პაჭკორიამ და გუგუჩიამ გაიტანეს.



საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჰერბერტ ცანკერი: ”სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებისთვის ეს შესარჩევი ტურნირი წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდში 1992 წელს დაბარდებული ოთხი ჩინებული ფეხბურთელი თამაშობს, რომლებიც მომდევნო საკვალიფიკაციო ტურნირში ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი ძალა იქნება. მომავალი ოფიციალური მატჩებისთვის მზადებას საქართველოს ნაკრები წლეულსვე დაიწყებს რუსეთის და პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებებთან ამხანაგური მატჩებით.”



საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები თბილისში ხვალ დაბრუნდება.