სიახლეები

U17: საქართველოს ნაკრები გიორგი დევდარიანის პრეს

გაუზიარე

დღეს საქართველოს ფეხურთის ფედერაციის საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია შედგა, რომელიც ჩვენი ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრების წარმატებას მიეძღვნა: გიორგი დევდარიანის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, შოტლანდიაში მეორე ადგილი დაიკავა და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.



ჟურნალისტებს გიორგი დევდარიანი, სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და 17-წლამდელთა ნაკრეიბის მწვრთნელები გია ცეცაძე და გიორგი მიქაძე შეხვდნენ.



გიორგი დევდარიანი, 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცი:



...მიმაჩნია, რომ ჩვენი გუნდის მიერ შოტლანდიაში ნაჩვენები შედეგი ქართული ფეხბურთისთვის დიდი წარმატებაა - ამ ბიჭებმა, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში კარგი ფეხბურთელები დადგებიან, ძალიან მძიმე ორთაბრძოლები გადაიტანეს და საბოლოოდ, სასურველ შედეგს მიაღწიეს - ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის შანსი შეინარჩუნეს.

...მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი პორტუგალიის ნაკრებთან წავაგეთ, გუნდი არ გატყდა და შემდეგი ორი დაპირისპირება მოიგო: მასპინძლებს 2:1 ვძლიეთ, კვიპროსს კი, რომელიც იგივე პორტუგალიამ დიდი გაჭირვებით დაამარცხა, 4:2 ვაჯობეთ. სამივე შემთხვევაში გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა გამოსასწორებელი, ცხადია, კვლავ არაერთი კომპონენტი გვაქვს, თუნდაც იგივე დაცვის თამაში.

...ხაზგასასმელია, რომ საქართველოს ნაკრები ფიზიკური თვალსაზრისით ჩინებულად იყო მომზადებული, რაც ქართულ გუნდებს, როგორც წესი, არ ახასიათებთ. ის, რომ ქართველმა ჭაბუკებმა მომქანცველ ტემპს გაუძლეს და სამივე მატჩში მეტოქეს ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით აშკარად აჯობეს, სწორი მუშაობის შედეგია - მსურს ამისთვის მადლობა გადავუხადო თემურ ფოცხვერიას და ვანო ლუცენკოს, ამ ადამიანებმა დიდი დახმარება გაუწიეს ნაკრებს.

...ელიტ-რაუნდისთვის მზადება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკვე დაწყებულია. ნაკრების ბირთვი ჩამოყალიბებულია, თუმცა გეტყვით, რომ კიდევ ორ ფეხბურთელს კანდიდატთა შორის მოვიაზრებთ. ერთი ”ზესტაფონში” თამაშობს, მეორე კი უკრაინაში, დნიპროპეტროვსკის ”დნიპროში” - ორივე მათგანს აუცილებლად მიეცემა თავის გამოჩენის შანსი.

...ჩვენი სურვილია, რომ ნაკრების სამწვრთნელო შტაბს კობა ჟორჟიკაშვილი დაემატოს - ის გამოცდილი მწვრთნელია, მის გუნდებს ელიტ-რაუნდშიც უთამაშიათ და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც, ასე რომ, მისი რჩევები დიდ სამსახურს გაგვიწევს. მჯერა, ფეხბურთის ფედერაცია და ბატონი ზვიად სიჭინავა გაგებით მოეკიდებიან ჩვენ თხოვნას.



ზვიად სიჭინავა, სფფ-ის პრეზიდენტი:



...მსურს მივულოცო ქართველ გულშემატკივრებს 17-წლამდელთა ნაკრების წარმატება - დღევანდელ პერიოდში ეს უდავოდ გასახარი ფაქტია.

...ელიტ-რაუნდის წილისყრა დეკემბერში გაიმართება, თუმცა გვინდა, რომ ამ ეტაპის თამაშებს საქართველომ უმასპინძლოს. საამისოდ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ.