სიახლეები

სპეციალური რეპორტაჟი სამხრეთ აფრიკიდან

გაუზიარე

დიდი ხნით ადრე, ყოველ შემთხვევაში ვიდრე "არგენტინელების" თაობა გაჩნდებოდა, რადიოსადგური "ამერიკის ხმა" ხშირად ასე ამთავრებდა თავის გადაცემებს: "ჩვენი მოსაზრება ზოგჯერ არ ეთანხმება შეერთებული შტატების ადმინისტრაციის კურსს..." დღეს კი მე გეტყვით: "ალბათ ღრმად დამწუხრებულნი არიან ქართველი – "იტალიელები", ქართველი – "ფრანგები" და განსაკუთრებით ქართველი – "არგენტინელები". თუმცა , დარწმუნებული ვარ, რომ მათ ანუგეშებს ბრაზილიის ნაკრების დამარცხება, მით უმეტეს, რომ ჰოლანდიის ნაკრებსაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოში...

აქ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩამოსულმა, ორი მატჩი ვნახე იოჰანესბურგში: ურუგვაი–განა, ესპანეთი–პარაგვაი. და კიდევ ორი ტელერეპორტაჟი: ბრაზილია–ჰოლანდია და არგენტინა–გერმანია. მიუხედავად ჩემი მოსაზრებისა, რომ ჰოლანდიელების დამსახურება კი არაა მათი გამარჯვება, არამედ ბრაზილიელთა "წვლილი" უფრო მეტია დამარცხებაში, მაინც ერთადერთი შეკითხვა მიჩნდება ბრაზილიის კონფედერაციის მიმართ: რატომ ხდება, რომ ამ ქვეყნის ნაკრების მწვრთნელად ნიშნავენ პარეირას, ლუშემბურგოს, დუნგას – პიროვნებებს, რომელთა საფეხბურთო გემოვნება, სულისკვეთება, სრულიად უცხო და მიუღებელია ბრაზილიის საფეხბურთო ფილოსოფიისათვის?!

ანდა საფრანგეთის ნაკრები, რომლის ფორმას იცვამენ ფეხბურთელები, რომელთა მენტალიტეტი კიდევ დიდხანს იქნება არაფრანგული და ამის შესახებ ახლა უკვე დაუფარავად წერს ფრანგული პრესა.

რით გაიმართლებს თავს იტალია, სადაც ფეხბურთი დიდი ხანია კორუფციის ჭაობშია ჩაფლული და თავს ალბათ "ინტერის" ამასწინდელი წარმატებით იტყუებს, თუმცა ამ კლუბს ძირითად შემადგენლობაში მართლაც სანთლით საძებნია იტალიელი ფეხბურთელები.

ცალკე თემაა არგენტინის ნაკრები, რომელსაც ხელმძღვანელობდა პოპულარული პიროვნება და იგი ისეთივე რანგის მწვრთნელია, როგორც – მომღერალი. მესი კი – მესია ეგონათ მის თაყვანისმცემლებს, ოცნებათა ღრუბლებში დაფრინავდნენ და ვერ დაგიმალავთ, მოთმინებით მოველოდი ჩვენი "არგენტინელებისა" და "მესისტების" დაშვებას ამ ცოდვილ მიწაზე...

რასაკვირველია უნდა აღინიშნოს გერმანიი ნაკრების არა მარტო ბოლო შესანიშნავი გამარჯვება, არამედ თამაშის სტილი, მანერა, რამაც მე გამახსენა ლიბუდა, გრაბოვსკი. თუ რატომ ვასახელებ სწორედ ამ ორ ფეხბურთელს და არა პირველ რიგში მათზე უფრო მაღალი კლასის თანაგუნდელებს, ამაძე სხვა დროს ვისაუბროთ.

მილოვან რაიევიჩმა, ხერარდო მარტინომ, ოსკარ ტაბარესმა განის, პარაგვაის, ურუგვაის გუნდებს შეუნარჩუნეს ის ხასიათი, რაც ამ ქვეყნების ფეხბურთისათვისაა დამახასიათებელი. ტაბარესმა, კი უკვე შეასრულა დანაპირები და ურუგვაის ნაკრებს 1970 წლის შემდეგ პირველად აქვს გარანტირებული მეოთხე ადგილი...

რაც შეეხება ნახევარფინალების მონაწილე კიდევ სამი ნაკრების მწვრთნელებს: იოაჰიმ ლიოვის გუნდმა უნდა დაამტკიცოს, რომ სახეს იცვლის და უფრო საინტერესო იქნება; ვისენტე დელ ბოსკემ კი პირიქით დაგვარწმუნოს, რომ სტილი, რომელსაც ორი წელია წარმატება მოაქვს, მართლაც მისაღები და ერთადერთია ესპანეთის ნაკრებისათვის; ხოლო ბერტ ვან მარვეიკი თავისი გუნდით, როგორც ბევრს ჰგონია, ჯერ კიდევ ბოლომდე არ აჩვენებს თავის შესაძლებლობებს...

ვნახოთ რა მოხდება ნახევარფინალურ მატჩებში? თქვენ კი გთხოვთ არ დაივიწყოთ "ამერიკის ხმის" ცნობილი ფრაზა...

დავით ქლიბაძე

სპეციალურად სფფ–ს ოფიციალური ვებ–გვერდისათვის

იოჰანესბურგი, პრეტორია