სიახლეები

ნახევარფინალური შეფასებები აფრიკის გულიდან

გაუზიარე

არგენტინელებთან მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, ჩემს თავს უფლება მივეცი და გერმანიის ნაკრები მომავლის გუნდად შევაფასე.

თუ რა გზებით გაგრძელდება ეროვნული ნაკრების გაძლიერება, ეს გერმანული ფეხბურთის მესვეურთა პრეროგატივაა, მაგრამ ინტენსიურად რომ მიმდინარეობს გერმანიაში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდა, პერსპეტიული ფეხბურთელების ნატურალიზაცია – ეს უკვე, როგორც ჩანს შეუქცევადი პროცესია.

(სხვათა შორის, ადრე რომ ლიბუდა და გრაბოვსკი ვახსენე, არც ისინი იყვნენ ეთნიკური გერმანელები და ასეთი სიაც საკმაოდ გრძელი და შთამბეჭდავია) ეს კი ხდება ქვეყანაში, სადაც ბრაზილიის შემდეგ, თუ არ ვცდები, ყველაზე მეტი რეგისტრირებული ფეხბურთელია.

უკვე რამდენი ათეული წელია ბეკენბაუერი და ნეტცერი, რომელთა ოპონენტის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელია, ყოველგვარი მიკიბვ–მოკიბვის გარეშე აცხადებენ, რომ გერმანიაში მაღალი კლასის ფეხბურთელების დეფიციტია. და არა მარტო იქ.

მართლაც საათივით აწყობილი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნების ნაკრებების თამაში, რომ კარგა ხანია აღარ იწვევს ენთუზიაზმს, სიხარულს, აღტაცებას. ეს სამწუხარო ფაქტია. გაიხსენეთ თუნდაც ფინალური მატჩები: იტალია–ბრაზილია, არგენტინა–გერმანია, საფრანგეთი–იტალია... და დღესაც გაწბილებულები და გაკვირვებული ვართ, რადგან ახლანდელი ჩემპიონატიც საკმაოდ უღიმღამოა და იშვიათი გამონაკლისის გარდა, მატჩებიც თითქმის მოსაწყენია. რა შეაჩერებს ფეხბურთის ასე გაუბრალოების, გამარტივების პროცესს?!

ესპანეთისა და გერმანიის მატჩი დაძაბული კი იყო, მაგრამ, ვიყოთ გულახდილები – სულ რამდენიმე თვეში ამ შეხვედრის ეპიზოდს გაიხსენებთ? პირადად მე შესაძლოა ერთხანს მემახსოვრება ახალგაზრდა პედრო როდრიგესის შეტევა, როცა რამოდენიმე მეტოქე ოსტატურად მოატყუა და ბოლო მომენტში დაჰკარგა ბურთი და მისივე ის შეტევაც, როცა იძუნწა, პასი დაივიწყა. კი ბატონო, ხავისა და მისი პარტნიორების მრავალსვლიანი კომბინაციები ისევ შთამბეჭდავია, მაგრამ ერთფეროვნების სენიც გაუჩნდა, ცოტა არ იყოს სტრატეგიაც ჩასაფრებული „პარტიზანული“ მეჩვენება, გასნაკუთრებით მაშინ, როცა მეტოქე კარგად იცავს თავს.

ორი წლის წინ მეც ძალიან გამახარა ესპანეთის ნაკრების ასე ნანატრმა გამაჯვებამ და შესაძლოა 11 ივლისს დიდი, ახალი წარმატების მოწმენიც გავხდებით, მაგრამ არ მავიწყდება ესპანელთა უარგუმენტო თამაში შვეიცარიის ნაკრებთან და პარაგვაისთან მოპოვებული გამარჯვება, რომელიც უფრო კასილიასს ეკუთვნის, ვიდრე მთელ გუნდს.

შესაძლოა, ცოტა არ იყოს გიკვირთ კიდეც ჩემი ასეთი განწყობა მეორე ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, რომლის ტელერეპორტაჟი ალბათ ძალზე საინტერესო სანახავი იქნებოდა.

თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ პირველი მატჩების ბუნებრივი ხარვეზების შემდეგ ტელეოპერატორებიცა და რეჟისორებიც „ფორმაში შევიდნენ“

ფინალი, კი საინტერესო და პრინციპული უნდა იყოს. თუნდაც იმიტომ, რომ შთამბეჭდავი და წარმატებული სამხედრო ოპერაცია თავის დროზე ესპანელებმა ნიდერლანდების ტერიტორიის დაპყრობით დაამთავრეს, რამაც „წითელი ფურიის“ სახელი მოუტანა პირენეის ნახევარკუნძულიდან მოსულებს, რომელთა შთამომავლები 11 ივლისს, ახლა უკვე მწვანე სარბიელზე შეეცდებიან მეტსახელის შენარჩუნებას შეუპოვარ მეტოქესთან პაექრობაში.

დავით ქლიბაძე

სპეციალურად სფფ–ს ოფიციალური ვებ–გვერდისათვის

დურბანი