სიახლეები

ვივა კასილიას!

გაუზიარე

კვირას, შუადღისას, იოჰანესბურგის ხალხმრავალ ადგილზე-სანდეტონზე მივედი, სადაც უცხოელი ტურისტები ყველაზე მშვიდად გრძნობენ თავს. იქ ნელსონ მანდელას ძეგლი დგას, სასტუმროებისა და მოდური მაღაზიების უზამრაზარი კომპლექსია. აქედან მიდიოდნენ ესპანელი და ჰოლანდიელი ფეხბურთის თაყვანისმცემლები სპეციალური ავტობუსებით `სოკერ სიტის” სტადიონზე.

აფრიკული სუვენირების მაღაზიაში ესპანეთის პრინცი ფელიპე და მისი ერთ-ერთი პირადი მცველი შემოვიდნენ. მე უკვე თითქმის გამოვდიოდი, მაგრამ შევჩერდი და ცოტა ხნის შემდეგ პირად მცველს მივმართე თუ შეიძლებოდა რომ პრინცისათვის ავტოგრაფი მეთხოვა, რითაც დიდად გავახარებდი ჩემს ახლობელს. პირადმა მცველმა ესპანელებისათვის დამახასიათებელი ტაქტით ამიხსნა, რომ ეს შეუძლებელი იყო, ისე როგორც ფოტოს გადაღება. მე კი თვალწინ წარმომიდგა ინფანტი ფელიპე, რომელიც 1981 წლის ბოლოს ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის წილისყრის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობდა ის ვიდეორეპორტაჟი ჩემს `სპორტულ კოლეიდოსკოპში” ვაჩვენე ტელემაყურებლებს.

პრინცი წარმოსადეგი ახალგაზრდა კაცია და თუმცა ბევრად მაღალია, მაშინვე იერით ივერ კასილიასი გამახსენა და თუ ესპანელებმა ამაგის ღირსეულად დაფასება იციან, მართლაც, დღეს კასილიასს უნდა აღმერთებდნენ, რადგან იგი იყო ესპანეთის ახლანდელი ნაკრების უპირველესი მოთამაშე და სწორედ კასილიასის ბრწყინვალე ოსტატობის წყალობით გავიდა ესპანეთის ნაკრები ფინალში და მოიგო კიდეც გადამწყვეტი მატჩი. სწორედ კასილიასმა იხსნა ესპანელთა კარი სრულიად უიმედო სიტუაციებში, თორემ ახლა გამარჯვებული იქნებოდა ჰოლანდიის ნაკრები, რომელიც არათუ მსოფლიო ჩემიონის ტიტულს, არამედ ჩემი შეხედულებით ოთხეულში ყოფნასაც არ იმსახურებდა: იბრძოდა დაუნდობლად (როგორც თითქმის ყოველთვის), მეტოქეებისადმი ღირსეული დამოკიდებულების სრული იგნორირებით და ამასთანავე, რაც ფეხბურთისაა მთავარი – უსახურად, იერის, სტილის გარეშე, რაც განსაკუთრებით ფინალმა დაადასტურა.

რაც შეეხება ახალ მსოფლიო ჩემპიონებს, პირადად მე, ორი წლის წინანდელი ევროპის ჩემპიონები უფრო მომწონდა – მათი თამაშის სტილი, მანერა, ტაქტიკა – სიახლე იყო მაშინ `ბარსელონასთან” ერთად. ახლა კი, ზოგჯერ მინი-ფეხბურთის თამაშის პრინციპი იკვეთებოდა ვიდრე შემართული, ვაჟკაცური პაექრობა მთელ მოედანზე, სწორედ ის, რისთვისაც მოიხსენიებდნენ ხოლმე `წითელ ფურიად”.

და მაინც გაუმარჯოს ახალ მსოფლიო ჩემპიონს! იშვიათი ობიექტურობით დასახელდნენ პერსონალური ლაურეატებიც, მესამე და მეოთხე ადგილიც ღირსეულმა ნაკრებებმა დაიკავეს და ალბათ დიდხანს ვინანებ, რომ პორტ-ელიზაბეტში არ წავედი ურუგვაისა და გერმანიის ნაკრებების მატჩის სანახავად...

მაგრამ, უფრო ვრცლად, ემოციების თუ ობიექტურად საუბარი ცოტა ხნით გადავდოთ, მით უმეტეს, რომ სათქმელი ბევრია...







დ. ქლიბაძე

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

12 ივლისი