სიახლეები

აფრიკის შემდეგ

გაუზიარე

…ინგლისელი არისტოკრატი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, ლოგინად იყო ჩავარდნილი და უახლოესი ნათესავები მის საწოლს აღარ შორდებოდნენ ანდერძის გახსნის მოლოდინში... ავადმყოფმა თვალები გაახილა. როცა დაინახა, რომ სასთუმალთან ჩამომჯდარ, ღამენათევ ქალბატონს სახეზე გაზეთი ჰქონდა აფარებული და ეძინა, ანთებული სანთლით ცეცხლი წაუკიდა გაზეთს. ალით დაფეთებულს გამოეღვიძა და წამოხტა, მომაკვდავს კი ისტერიული სიცილი აუტყდა და სულიც დალია...

ალბათ, ახლა ცოტას თუ ახსოვს 1950 წელს ინგლისში გადაღებული მხატვრული ფილმის –"სიცილი სამოთხეში" ასეთი დასაწყისი , რომელშიც თუ არ ვცდები - ჰოლივუდის მომავალი ვარსკვლავი ოდრი ჰეპბერნიც მონაწილეობდა უმნიშვნელო ეპიზოდში.

... როცა ანდერძი გახსნეს, აღმოჩნდა, რომ საკუთარი წილის მიღებამდე მემკვიდრეებს ცხოვრების წესი კარდინალურად უნდა შეეცვალათ. უმძიმესი დავალება ჰქონდა გარდაცვლილის ძმისშვილს, ავტორს დეტექტიური რომანებისა, რომლებიც თურმე არ მოსწონდა მის ბიძას და ამიტომ, ანდერძში ასეთი მოთხოვნა იყო: მწერალს, გამორჩეულად პატიოსან და უწყინარ კაცს, თუნდაც ერთი დღე პატიმრობაში უნდა გაეტარებინა. რა ძალა იყო?! მწერალი ზურგით დადგა მდიდრული მაღაზიის ვიტრინასთან და იგი აგურით ჩაამსხვრია. როცა ჩვენების მიცემისას თავისი სახელი, გვარი და პროფესია დაასახელა, სიხარულით აღტაცებულმა პოლიციელებმა, რომლებსაც სულ ახლახანს ჰქონდათ წაკითხული მისი ბოლო რომანი "საბედისწერო მატჩი", ავტორს ჰკითხეს:

– სერ! გვითხარით, ვინ ჩაიდინა ასეთი დანაშაული? ჩვენ ისეთი დასკვნა გავაკეთეთ, რომ მკვლელი მარცხენა გარემარბი იყო...

– არა! – სიამაყით განაცხადა დაპატიმრებულმა ავტორმა – მსაჯი მეკარის ქალიშვილმა მოჰკლა!..

ხედავთ, 60 წლის წინ გადაღებული კინოკომედიაც ადასტურებს, რომ არაობიექტური მსაჯობის პრობლემა არ იყო უცხო და არააქტუალური თვით ფეხბურთის სამშობლოში. და ალბათ, ასე იყო კიდეც იმ პირველი დღიდან, როცა არბიტრი სასტვენით გამოვიდა საფეხბურთო მოედანზე.

სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე არბიტრების უმძიმესმა შეცდომებმა არამარტო ზოგიერთი მატჩის, არამედ ვფიქრობ, რომ ტურნირის ღირსეული პრიზიორების ობიექტურად გამოვლენაზეც იმოქმედა. მაგრამ, არბიტრების დაბალი კვალიფიკაციის, თუ აშკარა მიკერძოების ახლანდელ ფაქტებს ნუღარ დავუბრუნდებით. ვერ დაგიმალავთ – ამ ათეული წლების განმავლობაში, უშუალოდ სტადიონების პრეს–ლოჟიდან, საარქივო კინომასალების თუ ტელერეპორტაჟების ნახვისას, ხშირად არა მხოლოდ არბიტრი, საერთოდ ფეხბურთი და საკუთარი თავიც შემზარებია, რადგან ვერც უსამართლობას, არაობიექტურობას ვეგუებოდი და არც არაფრის შეცვლა შემეძლო.

და მაინც, მიუტევებელი შეცდომებისა თუ არაობიექტურობის რამდენიმე, მართლაც სამარცხვინო, ისტორიულ ფაქტს შეგახსენებთ:

1954 წელი. შვეიცარია, ბერნი, ფინალური მატჩი. ინგლისელმა არბიტრმა ლინგმა გოლი არ ჩაუთვალა პუშკაშს. დაფიქსირდა ოფსაიდი. გერმანიის ფედერაცული რესპუბლიკის ნაკრებმა შეინარჩუნა ანგარიში 3–2 და პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

1966 წელი. ლონდონი, "უემბლი", ფინალი. 101–ე წუთზე ჰერსტის დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ ზედა ძელს მოხვდა, შემდეგ მინდორზე დაეცა და გვერდითი მსაჯის, ბახრამოვის დასტურით შვეიცარიელმა არბიტრმა – დინტსმა გოლი ჩათვალა. ანგარიში 3–2 გახდა – ინგლისის ნაკრები დაწინაურდა. შემდეგ კიდევ ერთი გოლი გერმანელთა კარში და მასპინძელთა ნაკრებმა პირველად და უკანასკნელად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. ამ ათეული წლების განმავლობაში თანამედროვე ტექნიკის გამოყენებითაც კი არ დადასტურებულა, რომ 101–ე წუთზე ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა.

იმავე ტურნირის მეოთხედფინალში, ინგლისისა და არგენტინის მატჩის 35–ე წუთზე გერმანელმა არბიტრმა კრაიტლაინმა მოედნიდან გააძევა არგენტინელთა ერთ–ერთი წამყვანი მოთამაშე რატინი, იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა არბიტრს. თუმცა, არავისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენდა, რომ კრაიტლაინმა ესპანური არ იცოდა. 71–ე წუთზე გატანილი ერთადერთი ბურთით ინგლისელები ნახევარფინალში გავიდნენ.

მესამე ქვეჯგუფის გადამწყვეტი მატჩი: პორტუგალია – ბრაზილია. ინგლისელი არბიტრი მაკკეიბი წესების დარღვევებს კი აფიქსირებდა, მაგრამ პორტუგალიელი მცველები დაუფარავად, დაუნდობლად ფეხებში ურტყამდნენ პელეს. "ფეხბურთის მეფე" მძიმედ დაშავდა და მოედანს ფეხშეხვეული დაუბრუნდა, მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო...

1982 წელი. ესპანეთი, ბარსელონა. მეორე რაუნდის პირველი მატჩი С ჯგუფში: არგენტინა – იტალია. რუმინელი არბიტრი რაინეა მშვიდად უყურებდა თუ როგორ "ჩეხავდნენ" მარადონას იტალიელი მცველები, განსაკუთრებით კი ჯენტილე, რომელიც პირველსავე ტაიმში იმსახურებდა მოედნიდან გაძევებას.

1990 წელი. რომის ოლიმპიურ სტადიონზე ფინალური მატჩი: გერმანია – არგენტინა. მექსიკელმა არბიტრმა "ვერ დაინახა", როცა გერმანელმა მცველმა კალდერონი "მოცელა", ხოლო მომდევნო ეპიზოდში კოდესალ მენდესმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, თუმცა ფიოლერისა და სენსინის ორთაბრძოლაში წესები არ დარღვეულა. 1–0 და გერმანია ჩემპიონია. ალბათ, რასაკვირველია ყველას გახსოვთ 2002 წელს მსაჯებმა როგორ მიაცილეს ნახევარფინალამდე სამხრეთ კორეის ნაკრები: მერვედფინალში იტალიასთან და მეოთხედფინალში ესპანეთთან ეკვადორელი მორენოსა და ეგვიპტელი განდურის გადაწყვეტილებები სრულიად უსაფუძვლო იყო. და მართლაც, კიდევ რამდენი მაგალითი უნდა გავიხსენოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ასეთი ფაქტები არამც და არამც არაა განპირობებული "ადამიანური ფაქტორით" და რომ არბიტრების შეცდომები ფეხბურთის შემადგენელი, აუცილებელი ფაქტორი კი არაა, როგორც ამას ჯიუტად გვიმტკიცებენ მსოფლიო ფეხბურთის მესვეურნი, არამედ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ – აშკარად უსაფუძვლოა ასეთი განმარტება. პირადად მე, ეს ყველაფერი ფეხბურთის ტრაღედიად მიმაჩნია და დანაპირების მიუხედავად, რომ უახლოეს მომავალში საფუძვლიანად იქნება განხილული სადაო სიტუაციების დროს ტელეაპარატურის გამოყენების შესაძლებლობა, რატომღაც მგონია, რომ ვეღარაფერი შეაჩერებს თანამედროვე ფეხბურთის დონის ვარდნას, რომელსაც კიდევ არაერთი, პრაქტიკულად დაუძლეველი მიზეზი განაპირობებს... მათ შესახებ კი მომავალი შეხვედრების დროს ვისაუბროთ.

...რაც შეეხება მხატვრული ფილმის "სიცილი სამოთხეში" – ეპილოგს, ანდერძის პირობები ყველამ შეასრულა. მართლაც რომ აბსურდული დეტექტიური რომანების ავტორმა წერაც კი მიატოვა და როცა ქონებისა და ფულის განაწილებაზე მიდგა საქმე, აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილი არისტოკრატი სრული ბანკროტი ყოფილა.

რასაც, ვერავითარ შემთხვევაში, საბედნიეროდ, ვერ ვიტყვით ფიფაზე! პირიქით!..









დავით ქლიბაძე



პრეტორია – თბილისი