სიახლეები

ბათუმში საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი გაიხსნა!

სფფ
გაუზიარე

ბათუმის ანგისას ბაზაზე საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი "აჭარის თასი 2019" გაიხსნა. ტურნირი 14-წლამდე ფეხბურთელებს შორის იმართება და მასში 8 გუნდი მონაწილეობს. უძლიერესის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს თბილისის "დინამო", ბათუმის "დინამო", თბილისის "საბურთალო", "სფფ აკადემია", "ვალენსია", "პსვ ეინდჰოვენი", "ბაბელსბერგ 03" და დუბაის ესპანური საფეხბურთო სკოლა დაუპირისპირდებიან.

გახსნის საზეიმო ცერემონიის ფარგლებში ტურნირის მონაწილე გუნდებს და სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს სიტყვით სფფ-ის პირველმა, ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ მიმართა:

? "აჭარის თასი 2019 ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და ფეხბურთის ფედერაცია მის ორგანიზებაში აქტიურად არის ჩართული. სწორედ ასეთი ტურნირების საშუალებით იზრდებიან წარმატებული ფეხბურთელები. ვთვლი, რომ თითოეული მონაწილე ძალიან საჭირო გამოცდილებას იღებს. მსგავსი ტურნირები საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასთან ერთად, ტურიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს." - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ.

"აჭარის თასი 2019"-ის პირველ შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის 14-წლამდე გუნდი თბილისის "დინამოს" აკადემიას დაუპირისპირდა. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა. შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდნენ.

14-წლამდე ფეხბურთელთა საერთაშორისო ტურნირი "აჭარის თასი 2019" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფეხბურთის განვითარების ფონდის, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის, სპორტ სოლუშენისა და თავისუფალი ფეხბურთის ორგანიზებით პირველად იმართება. შავი ზღვისპირა ქალაქი აჭარის თასის გათამაშებას 6 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.