სიახლეები

მასობრივი ფეხბურთის კვირეული ლიხაურში გაგრძელდა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

25 სექტემბერს, უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა ჯღარკავა სფფ-ის თანამშრომლებთან ერთად ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურს ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში სფფ-ის წარმომადგენლებმა ადგილზე საფეხბურთო ინვენტარი ჩაიტანეს და ადგილობრივ მოსახლეობას მაისურები და ბურთები გადასცეს. ლიხაურის სამოყვარულო გუნდს კი, სათამაშო ფორმები გადაეცა. 

სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მოედანი, შეკეთდა ტაბლო, მოეწყო სათადარიგო სკამი და ყველა ის დეტალი, რომელიც სპორტული მოედნის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვისა არის აუცილებელი. დღის ბოლოს ლიხაურის სამოყვარულო გუნდსა და სფფ-ის გუნდს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. ფეხბურთის ფედერაციის გუნდის შემადგენლობაში თანამშრომლებთან ერთად პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკა ჯღარკავამ და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა იასპარეზეს.

ამხანაგური შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიხაურის განახლებულმა საფეხბურთო მოედანმა სახალისო საფეხბურთო ღია სკოლის მორიგ ღონისძიებას უმასპინძლა. წვრთნებში, რომელსაც სფფ-ის მიერ სპეციალურად ამ პროგრამისთვის გადამზადებულმა მწვრთნელებმა ჩაატარეს, მონაწილება ლიხაურის მცხოვრებმა 200-მდე ბავშვმა მიიღო.

💬 ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: "მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ორგანიზებით მასობრივი ფეხბურთის კვირეული მიმდინარეობს. სწორედ ამ კვირეული ფარგლებში დღეს ოზურგეთის რაიონის სოფელ, ლიხაურს ვესტუმრეთ. უკვე მესამე წელია სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ და ლიხაურის სტადიონიც ამ პროექტის ფარგლებში აღვადგინეთ. როგორც ხედავთ სტადიონის მთლიანი ტერიტორია შემოიღობა და მოწესრიგდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას და რაც მთავარია, ბავშვებს საშუალებას მისცემს ფეხბურთში კიდევ უფრო მეტად ჩაერთონ. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ლიხაურს ძალიან კარგი სამოყვარულო ფეხურთის გუნდი ჰყავს, რომელიც მოყვარულთა ლიგაში ასპარეზობს და ბუნებრივია, რომ ამ სტადიონით ეს გუნდიც ისარგებლებს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მასობრივი ფეხბურთი და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ პროცესის ხელშესაწყობად კი, ჩვენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ინფრასტრუქტურის მოწყობას აუცილებლად გავაგრძელებთ. პირადად ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროექტია.

ძალიან მიხარია, რომ ადგილობრივ გუნდთან ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ, რომელსაც უამრავი ადგილობრივი დაესწრო."

💬 ნიკა ჯღარკავა - სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი: "მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში ჩვენი მარათონი გრძელდება. ეს კვირეული პროექტ #WePlaystrong-ის ერთდღიანი ფესტივალით დავიწყეთ, შემდეგ კი, რაჭა-ლეჩხუმს ვესტუმრეთ და ჩვენი პროექტის "ფეხბურთი სკოლებშის" რამდენიმე ბენეფიციარი მოვინახულეთ, რომლებსაც საფეხბურთო ინვენტარი გადავეცით. სასიამოვნოა, რომ ეს მწვრთნელები პროექტის ფარგლებში დაკისრებულ მოვალეობებს წარმატებით ასრულებენ.

დღეს კი, სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტით სოფელ ლიხაურს ვესტუმრეთ. აღნიშნული სოფლის გუნდი უკვე მესამე წელია აქტიურადაა ჩართული მოყვარულთა ლიგაში. ჩვენ სწორედ მათთვის და ამ რეგიონში მოვარჯიშე ბავშვებისთვის ვახორციელებთ ამ პროექტს. ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივ გუნდს სათამაშო ფორმები და სხვა საჭირო ინვენტარი ჩამოვუტანეთ.

უკვე რეაბილიტირებულ მოედანზე სახალისო საფეხბურთო ღია სკოლის პროექტის მორიგი ღონისძიება გაიმართება. აღსანიშნავია, რომ აღნიშულ აქტივობაში ბიჭები და გოგოები თანაბრად არიან ჩართული და მათ სფფ-ის მიერ სპეციალურად გადამზადებული მწვრთენელები ავარჯიშებენ."