სიახლეები

სფფ-ის პრეზიდენტმა ვარკეთილის საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა თბილისის მერთან ერთად მოინახულა

სფფ
გაუზიარე

21 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ქალაქ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად ვარკეთილში მშენებარე საფეხბურთო კომპლექსი მოინახულეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, საფეხბურთო კომპლექსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბავშვთა ფეხბურთის განვითარება და მსგავსი პროექტების თბილისის სხვადასხვა რაიონში განხორციელებაა.

“დაახლოებით ერთი წელია რაც ეს ტერიტორია გადმოგვეცა და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დედაქალაქის მთავრობას და ადგილობრივ თვითმმართველობას. ჩვენი მხრიდან ავიღეთ ვალდებულება, რომ აღნიშნულ პროექტს განვახორციელებდით. აღსანიშნავია, რომ პროექტი მოზიდული თანხებით ხორციელდება და სახელმფიწო ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ იხარჯება. უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ საფეხბურთო კომპლექსი FIFA-ს FORWARD-ის პროგრამის თანადაფინანსებით შენდება.

აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა ფეხბურთისთვის, რადგან ვარკეთილში არსებული ყველა საფეხბურთო სკოლას, საშუალება ექნება სრულიად უფასოდ გამართული სპორტული ინფრასტრუქტურით ისარგებლოს.” - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

სპორტული მოედნების მნიშვნელობაზე ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა:

“ჩვენი მიზანი და მთავარი ამოცანაა, რომ ასეთი საფეხბურთო მოედნები თბილისის ყველა რაიონში აშენდეს. ამ ყველაფერს ემატება მულტიფუნქციური მოედნები, რომელთა მშენებლობას ვარკეთილიდან და დიდი დიღმიდან დავიწყებთ. მიხარია, რომ ვარკეთილს ასეთი მაგარი სპორტული სივრცე შეემატება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თბილისის მერიის მთავარი მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა.”

ვარკეთილში მშენებარე საფეხბურთო კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი  ხელოვნურსაფარიანი მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, რომელიც შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი პლატფორმით იქნება აღჭურვილი. 

ამასთან ერთად სტადიონზე დამონტაჟდება 220-250 ლუქსიანი განათება. სტადიონის ტერიტორიაზე მოეწყობა ტექნიკური შენობა გასახდელებით და შესაბამისი სივრცეებით. სტანდარტულ მოედანთან ერთად საფეხბურთო კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე აშენდება მინი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი.

საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ FIFA-ს FORWARD-ის პროგრამის დახმარებით 2018 წლის ბოლოს დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წლის დეკემბერში იგეგმება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან და ქალაქ თბილისის მერთან ერთად საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა მერიის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა სოსო ბურდულაძემ, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა გიორგი მოსიძემ და რევაზ სოხაძემ და საკრებულოს წევრმა ლევან ჯაფარიძემ დაათვალიერეს.