სიახლეები

თბილისში მწვრთნელთა განათლების საერთაშორისო სემინარი გაიხსნა

გაუზიარე

8 აპრილს, დავით პეტრიაშვილი არენაზე მწვრთნელთა განათლების რეალობაზე დაფუძნებული სწავლების საერთაშორისო სემინარი გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და უეფას მწვრთნელთა განათლების სპეციალისტმა, ჯოზეფ ზაჰორსკიმ მიმართეს სიტყვით.

უეფას მწვრთნელთა განათლების სემინარი უკვე მერვე წელია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, საქართველო კი,  ღონისძიებას პირველად მასპინძლობს. 

უეფას სასწავლო ჯგუფის რეალობაზე დაფუძნებული სწავლების საერთაშორისო სემინარი სამი დღის განმავლობაში დავით პეტრიაშვილი არენაზე გაიმართება და ქართველ სპეციალისტებთან ერთად მასში მონაწილეობას, ალბანეთის, ანდორას, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ბულგარეთის, ყაზახეთისა და მოლდოვას წარმომადგენლები მიიღებენ. სასწავლო პროცესს უეფას ჟირა პანელის წევრები დენი რაიზერი და გენადი სკურტული გაუძღვებიან და ის, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავს.

ლევან კობიაშვილი: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის მწვრთნელთა განათლება პრიორიტეტულია, განსაკუთრებით ბოლო წლებში ამ მიმართულებით ჩვენ რადიკალური ცვლილებები განვახორციელეთ. უეფას ორგანიზებით მწვრთნელთა განათლების მსაგვს სემინარს პირველად ვმასპინძლობთ, მასში 7 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.

აღნიშნული სემინარის მთავარი მიზანია, რომ მწვრთნელთა განათლებაში არსებული ყველა სიახლე და გამოწვევა კიდევ ერთხელ განვიხილოთ. ძალიან სასიამოვნოა, რომ მსგავს ღონისძიებას ვმასპინძლობთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს სემინარი არა მხოლოდ ქართველი სპეციალისტებისთვის არამედ ყველა სხვა ქვეყნის წარმომადგენლისთვის პროდუქტიული იქნება და მსურს, რომ ყველა მონაწილეს წარმატება ვუსურვო."

დენი რაიზერი: "სემინარის მთავარი მიზანია, რომ მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელებს მივაწოდოთ ინფორმაცია ყველა იმ სიახლის შესახებ, რომელიც მწვრთნელთა განათლებაშია. ამასთან ერთად, განვიხილავთ სად არიან ისინი ამ ეტაპზე და რა მიმართულებით სურთ განვითარება. ვფიქრობ, ეს სემინარი ძალიან კარგი საშუალებაა, რომ მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი იდეები გაუზიარონ. ამის შემდეგ კი, თითოეულ მათგანს საშუალება ექნება, რომ სიახლეები საკუთარ ქვეყანაში დანერგოს."