სიახლეები

საქართველო - შვეიცარია დინამო არენაზე!

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის სადებიუტო მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე შედგა.  დღევანდელი ვარჯიში, ტრავმის გამო, გიორგი მერებაშვილმა გამოტოვა, ფეხბურთელი ეროვნულ გუნდს სავარაუდოდ ხვალინდელ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. მატჩისწინა ბოლო ვარჯიშის საწყის 15 წუთს მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვაკო გვილიამ და ოთარ კიტეიშვილმა მცირე კომენტარი გააკეთეს:

ოთარ კიტეიშვილი: „ხვალ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს. შვეიცარიის ნაკრები ერთერთი გამორჩეული გუნდია ევროპაში და საკმაოდ რთულ თამაშს ველით. ტრავმის გამო გიორგი ჩაკვეტაძე დაგვაკლდება, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც მისი შეცვლა შეუძლიათ. გულშემატკივარს ვთხოვთ, რომ მხარი დაგვიჭირონ, რადგან საკუთარ მოედანზე მათი მხარდაჭერა დამატებით ენერგიას გვმატებს.“

ვაკო გვილია: „შვეიცარიასთან, რომელიც ამ ეტაპზე ძალიან ძლიერი გუნდია და ევროპაში დომინირებს, ადვილი თამაში ნამდვილად არ გველის, მაგრამ ჩვენ საკუთარ თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად.“

ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენცია ვლადიმირ ვაისმა, ოთარ კაკაბაძესთან ერთად დინამო არენას მედია ცენტრში გამართა. 

ვლადიმირ ვაისი: „ჩვენ არ გვსურს, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. მაქსიმუმი რისი მიღწევაც შეგვიძლია ეს ამ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. როგორც მინიმუმ კი, თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალური ქულებისთვის და წარმატებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

შვეიცარიის ნაკრები რეიტინგით მსოფლიოს მეშვიდე გუნდია. ნახეთ სად თამაშობენ მათი ფეხბურთელები, რა თქმა უნდა მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ და ვნახოთ რა გამოვა. შვეიცარია არამხოლოდ ამ კონკრეტული თამაშის არამედ მთლიანად ჯგუფის ფავორიტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მოიგებენ, ჩვენც კარგი გუნდი გვყავს და შემიძლია ვთქვა, რომ მეტოქეს მარტივი თამაში არ ელის.
უკვე ერთი კვირაა ვიცით, რომ შვეიცარიას სეფეროვიჩი, შაქირი და ფერნანდესი ვერ დაეხმარებიან, ორი დღის უკან მათ მეჰმედიც დააკლდათ. რა თქმა უნდა, მეტოქისთვის ეს საკმაოდ დიდი დანაკლისია, თუმცა შვეიცარიას საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ აღნიშნული ფეხბურთელები სრულფასოვნად შეცვალოს. მათ თითო პოზიციაზე ფაქტიურად ორი კარგი მოთამაშე ჰყავთ. ხვალ ყველა ერთად ვნახავთ რა შემადგენლობას აირჩევს ვლადიმირ პეტკოვიჩი. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შვეიცარიის ნაკრებში საკმაოდ ბევრი ცვლილება მოხდა, ახლა მათ შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა. ცვლილებები ჩვენს შემადგენლობაშიცაა, აქედან გამომდინარე ვნახოთ ვინ უფრო იღბლიანი აღმოჩნდება და ვინ როგორ არის მომზადებული.

ვითამაშებთ იმ კონტიგენტით, რომელიც მოცემული მომენტისთვის გვეყოლება. მე მიხარია, რომ ტრავმების შემდეგ ანანიძე, კაკაბაძე და ქვილითაია დაგვიბრუნდნენ.

ლევან ხარაბაძე და ვატო არველაძე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, როგორც ეს საქართველოში ხშირად ხდება. მოხარული ვარ, რომ ლევანი შვეიცარიის ჩემპიონატში გადავიდა სათამაშოდ, მის ასაკში ასეთი დონის ჩემპიონატსა და კლუბში სტაბილურად თამაში ძალიან კარგია. ის სწორი გზით ვითარდება, ისევე როგორც გიორგი ჩაკვეტაძე. რაც შეეხება არველაძეს, მე ვნახე მისი თამაში პოლონეთში, ის სწორად ვითარდება, სეზონი კარგად დაიწყო, ბოლო ტურებში ოთხი გოლი გაიტანა და სწორედ ამიტომ დაიმსახურა ეროვნულ ნაკრებში გამოძახება. ვფიქრობ, რომ მოახლოებულ თამაშებს ის ითამაშებს, შეიძლება მოედანზე ხვალვე ვიხილოთ.

გულშემატკივრს მხარდაჭერა ყოველთვის გვჭირდება, ვფიქრობ, რომ ხვალ სტადიონი გაივსება. სწორედ ეს ფაქტორი დაგვეხმარა ერთა ლიგის ჯგუფის მოგებაში. ის ემოცია, რომელიც ქართველი გულშემატკივრისგან მოდის ჩემს მოთამაშეებს სჭირდებათ, ეს ჩვენი შესაძლებლობების მინიმუმ 20-30 პროცენტია. ხვალ კი, ეს ყველაფერი განსაკუთრებით გვჭირდება იმისთვის, რომ დამატებითი ენერგია და მუხტი მივიღოთ. ტრავმების შემდეგ რამდენიმე მოთამაშე ბოლომდე მზად არ არის და ვფიქრობ, რომ ტრიბუნებიდან წამოსული ენერგია მათ ყველაზე მეტად დაეხმარება.“      

ოთარ კაკაბაძე: „დიახ ტრავმის სამკურნალოდ საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, მაგრამ რადგან დღეს აქ ვარ ეს ნიშნავს, რომ 100 პროცენტით მზად ვარ ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო.

რა თქმა უნდა, შვეიცარიის დონის ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში არ გვყოლია, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგი ნაკრები გვყავს და შეგვიძლია, რომ შვეიცარიელებთან თანაბრად ვითამაშოთ. დანაკლისი ორივე გუნდს აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენს დანაკლისს ქართველი გულშემატკივარი შეავსებს და მოგვცემს ძალას, რომ წარმატებას მივაღწიოთ.“

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიაცკიო ეტაპის მატჩი, საქართველოსა და შვეიცარიას შორის 23 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. „დინამო არენადან“ შეხვედრის რეპორტაჟს, საზგოადოებრივი მაწუყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.