სიახლეები

ზამთრის თასი 2019 | 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირი თბილისის დინამომ მოიგო

სფფ
გაუზიარე

ზამთრის თასი 2019-ის ფარგლებში მიმდინარე 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირი თბილისის "დინამოს" ასაკობრივი გუნდის ტრიუმფით დასრულდა. დინამოელები ფინალურ შეხვედრაში "საბურთალოს" დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში, 4:2 დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში მე-6 წუთზე ჯადული იობაშვილმა გახსნა, თბილისელთა შემტევმა მეტოქის მეკარეს შორეულ დაბალ კუთხეში გაუტანა. საბურთალოელებმა ანგარიშის გათანაბრება მალევე მოახერხეს, მე-9 წუთზე გოლი ნიკუშა დავრეშელიძემ გაიტანა. "დინამომ" პირველი ტაიმი მაინც მოიგო, "საბურთალოს" ამჯერად საბა გეგიაძემ გაუტანა.

მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, მატჩის მიწურულს დინამოელებმა მეტოქეს კიდევ ორჯერ გაუტანეს, საკუთარ კარში მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვეს და საბოლოოდ 4:2 დაამარცხეს "საბურთალო".

ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და ბავშვთა და რეგიონული ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გოჩა თამაზაშვილმა ფინალის მონაწილე გუნდებს და გამორჩეულ ფეხბურთელებს კუთვნილი ჯილდოები გადასცეს. ზამთრის თასი 2019-ის 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად, თბილისის "დინამოს" შემტევი ჯადული იობაშვილი დასახელდა, საუკეთესო ბომბარდირი კი, 8 გატანილი გოლით ასევე დინამოელი საბა გეგიაძე გახდა.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი (8 გოლი)  - საბა გეგიაძე
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - ჯადული იობაშვილი
საბურთალო 2:4 დინამო თბ

გოლები: 0:1 იობაშვილი (6), 1:1 დავრაშელიძე (9), 1:2 გეგიაძე (9), 1:3 გეგიაძე (23), 1:4 თოდუა (24), 2:4 ოჩიგავა (24)