სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის პირველი გამოშვება დასრულდა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

25 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა. სფფ-ის ეგიდით გაცემული C ლიცენზია აქამდე მხოლოდ ეროვნული კატეგორიის იყო, 2018 წლიდან კი, უეფასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე C ლიცენზიის სასწავლო კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოვიდა და საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.

მწვრთნელთა განათლების განახლებული C ლიცენზიის კურსი წარმატებით 35-მა მონაწილემ დაასრულა. მომავალ მწვრთნელებს კუთვნილი ლიცენზია და შესაბამისი სერტიფიკატი სფფ-ის ხელმძღვანელებმა და უეფას მწვრთნელთა განათლების პანელის წევრმა, გენადი სკურტულმა გადასცეს.

„C ლიცენზიის აღნიშნული კურსი ოთხი მოდულისგან შედგებოდა, სწავლება, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ კომპონენტებს მოიცავდა. ვფიქრობ, რომ სწავლება ნაყოფიერი გამოდგა და ჩვენს მომავალ საქმიანობაში გამოგვადგება.“ - ბექა მელიქიძე.

სფფ-სა და უეფას წარმომადგენლებმა კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, სასწავლო პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კურსანტებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწვრთნელთა განათლების მიმართულებას ყველანაირად ხელს უწყობს. ეს უეფას ეგიდით გამართული C ლიცენზიის კურსის პირველი გამოშვებაა. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ჯგუფი იყო, მომავალში გააგრძელებენ სწავლას და ქართული ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობენ.“ - აღნიშნა კახა ჭუმბურიძემ.

„აღნიშნული კურსებს არა მხოლოდ ქართული, ზოგადად ფეხბურთის განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ფეხბურთში მოღვაწე ადამიანების 98% მასობრივ ფეხბურთშია ჩართული, ეს ლიცენზია კი, ფეხბურთის სწორედ ამ ნაწილში მუშაობს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დონეზე კარგი, კვალიფიციური მწვრთნელები გვყავდეს. ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომა გავლენას პროფესიულ და ბავშვთა ფეხბურთზეც მოახდენს. იმიტომ, რომ გვეყოლება კარგი მწვრთნელები, რომლებიც ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებას შეუწყობენ ხელს.“ - განაცხადა გენადი სკურტულმა.

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსები 2019 წლიდან გაგრძელდება.