სიახლეები

ფოთის ჭაბონამა მოყვარულთა თასის გამარჯვებულის ტიტულს არ თმობს

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

16 დეკემბერს, „ბენდელას”  სტადიონზე საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტის, „მოყვარულთა თასის“ 2018 წლის გათამაშების ფინალი გაიმართა. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს დასავლეთ საქართველოს 2018 წლის საუკეთესო გუნდი, ფოთის „ჭაბონამა“ და აღმოსავლეთ საქართველოს საუკეთესო გუნდი, თბილისის „უქიმერიონი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და გულშემატკივარმა საინტერესო დაპირისპირება იხილა. თბილისელებმა პირველი ტაიმი დამაჯერებლად - 2:0 მოიგეს, გოლის გატანის რეალური შანსი მეორე ნახევარშიც ჰქონდათ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 2:3 დამარცხდნენ. ფოთის „ჭაბონამამ“ საქართველოს საუკეთესო სამოყვარულო გუნდის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ფოთელებმა 2017 წლის ჩემპიონობის შემდეგ UEFA REGIONS’ CUP-ზე იასპარეზეს.

„მოყვარულთა თასის“ წლევანდელ გათამაშებაში 49 მუნიციპალიტეტის 339 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, 40 გუნდი თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგების მონაწილეა, ხოლო დანარჩენი გუნდები მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ. 

აღსანიშნავია, რომ მოყვარულთა თასის მაყურებელთა რაოდენობამ 80 000-მდე ადამიანს, ხოლო ფეხბურთელების რაოდენობამ 8500-ს მიაღწია. 

„მოყვარულთა თასი“ სწორედ ის პროექტია, რომლის მნიშვნელობისა და უნიკალურობის აღსანიშნავად, 2018 წელს ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მასობრივი ფეხბურთის განვითარებისათვის საუკეთესო კონცეფციის პროექტისთვის ვერცხლის ჯილდო გადასცა.