სიახლეები

დუბლინში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე
  • საქართველოს ეროვნული ნაკრები D ჯგუფში იასპარეზებს
  • საკვალიფიკაციო ეტაპიდან ევრო 2020-ზე თამაშის უფლებას თითოეული ჯგუფიდან 2 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს

2 დეკემბერს, დუბლინში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას უეფას წევრი 55 ქვეყანა იღებდა. ქვეყნები ხუთ და ექვს გუნდიან ქვეჯგუფებში გადანაწილდნენ. 

წილისყრის შედეგად საქართველოს ეროვნული ნაკრები D ჯგუფში შვეიცარიის, დანიის, ირლანდიისა და გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

ევრო 2020-ის წილისყრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ესწრებოდნენ. 

დუბლინში გამართული წილისყრა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა შეაფასეს:

ვლადიმირ ვაისი: "რეიტინგის მიხედვით ფავორიტები შვეიცარია და დანია არიან. ირლანდიაც ასევე, ჩვენთვის ნაცნობის გუნდია, რომელთანაც მუდმივად გვიწევს დაპირისპირება.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყოველი თამაში მნიშვნელოვანია. შევხედავთ როგორ გადანაწილდება სათამაშო განრიგი. მარტში ვითამაშებთ ერთ თუ ორ თამაშს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი პროგრამა. თამაშიდან თამაშამდე მოვემზადებით. ხელებს არ ვუშვებთ, თუმცა შვეიცარია ძალიან რთული მეტოქეა, ისევე როგორც დანია. მაგრამ ჩვენ ყველასთან ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, ისეთი სახელი მოვიხვეჭეთ, რომ საქართველოსთან დაპირისპირებაც არავის უნდა. ყველა ამბობს, რომ რთული იქნება საქართველოში თამაში, ამიტომ, ვეცდებით ვაჩვენოთ ხარისხიანი ფეხბურთი, ვიბრძოლებთ ყველა ქულისთვის და ჯგუფიდან გასვლისთვის. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, ჩვენ ვერ დაველოდებით მხოლოდ 2020 წელს, სადაც უკვე ცნობილია, რომ ერთა ლიგის პლეიოფში უნდა ვითამაშოთ. ჩვენ ახლა მომდევნო სეზონისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც 2019 წელს დაიწყება. კიდევ უნდა გავიზარდოთ, ისე როგორც ამ სეზონში. საქართველოს ნაკრებმა უნდა განაგრძოს განვითარება.

რთულია, თქვა რომელი გუნდი უფრო ძლიერია, შვეიცარია თუ დანია. ჩვენს ჯგუფშია ირლანდიაც, რომელიც ასევე კარგი გუნდია. რა თქმა უნდა, აუტსაიდერი გიბრალტარია, მაგრამ მხოლოდ ფურცელზე. შევხედავთ, როგორი კალენდარი გვექნება. მნიშვნელობა აქვს იმასაც თუ სად ვითამაშებთ პირველ თამაშს, შინ თუ გასვლაზე. მთავარია გუნდი იყოს საკუთარ ძალებში დარწმუნებული. რა თქმა უნდა, ფავორიტი შვეიცარიაა, რომელმაც ეს დაამტკიცა ერთა ლიგის გათამაშებაზე, სადაც ბელგიაც დაამარცხა. ეს ამტკიცემს ამ გუნდის ხარისხს, გამოცდილი მწვრთნელი ჰყავთ.

დანია მსოფლიო ჩემპიონატზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ჰყავთ ვარსკვლავური გუნდი, მაგრამ ჩვენ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, განსხვავებულად ვითამაშებთ იმიტომ, რომ განსხვავებული დონის მეტოქეებს ვეთამაშებით.

ჩვენ ვითამაშებთ იმ ჯგუფში, სადაც ხუთი გუნდია, ამიტომ ამხანაგურ მატჩებში კარგი მეტოქეები უნდა შევარჩიოთ. არ აქვს მნიშვნელობა რომ ჯგუფში ხუთნი ვართ, ჩვენთვის თითოეული ამხანაგური მატჩიც მნიშვნელოვანია, გულშემატკივრებისთვის, რეიტინგისთვის, ფეხბურთელების გამოცდილებისთვის.

ბედნიერი ვიქნები, თუ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად იქნება. ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ წამყვანი მოთამაშეები, ვინც ერთა ლიგა ტრავმის გამო გამოტოვა, დაბრუნდნენ ძლიერები, რათა ყოველ პოზიციაზე კონკურენცია იყოს. ის, რომ ყაზახეთთან მატჩზე 52 ათასზე მეტი გულშემატკივარი მოვიდა, შესანიშნავია. სავსე სტადიონი ნიშნავს იმას, რომ ქართველებს ფეხბურთი და ეს ნაკრები უყვართ. ამას ვაფასებ და შემიძლია ვთქვა, ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ კარგი შედეგისთვის."

ლევან კობიაშვილი: "შეიძლება ყოფილიყო უფრო რთულიც და უფრო იოლი ჯგუფიც. საერთო ჯამში, ვიტყოდი, რომ დაბალანსებული ჯგუფია. ვფიქრობ, ძალიან თანაბარი თამაშები იქნება. მიმაჩნია, რომ შეიძლება ბევრი მატჩი ფრედ დასრულდეს. ფაქტია, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება განსაკუთრებით სახლის თამაშები, რათა პირველი და მეორე კალათის გუნდებს ქულები წავართვათ. საინტერესო თამაშები იქნება, მთავარი და მნიშვნელოვანია, როგორი იქნება კალენდარი, ვისთან დავიწყებთ, როგორი იქნება. ერთადერთი გული იმაზე დამწყდა, რომ ხუთგუნდიან ჯგუფში ვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორი ამხანაგური თამაშის დაგეგმვა მოგვიწევს. ჩემი სურვილი იყო, რომ ექვსგუნდიან ჯგუფში მოვხვედრილიყავით, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ.

სახლის თამაში იმ ფონზე, რომ სტადიონი ივსება, ძალიან დიდი პლიუსია და ეს ვიგულისხმე, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საშინაო თამაშები, რომ იქ მოვახერხოთ ქულების აღება და თამაშის მოგება, განსაკუთრებით პირველ სამ გუნდთან. მგონია, რომ ძალიან დაძაბული ჯგუფი იქნება, შვეიცარიაც, დანიაც და ირლანდიაც კარგად დაკომპლექტებულია. სამივე გუნდს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის."

2020 წლის უეფას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2019 წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. კონტინენტის პირველობის ფინალურ სტადიაზე ასპარეზობის უფლებას კი, თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. საკვალფიკაციო ეტაპზე ევრო 2020-ის 20 მონაწილე გამოვლინდება. დანარჩენი 4 ადგილს კი, უეფას ერთა ლიგის დივიზიონების გამარჯვებულები შეავსებენ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საიუბილეო ევროპის ჩემპიონატი არსებობის განმავლობაში პირველად მთელი ევროპის მასშტაბით ჩატარდება. კონტინენტის პირველობის ჯგუფური ეტაპისა და პლეი-ოფის მატჩებს იტალია (სტადიო ოლიმპიკო, რომი), აზერბაიჯანი (ოლიმპიური სტადიონი, ბაქო), რუსეთი(სანქტ პეტერბურგის სტადიონი), დანია (პარკენი, კოპენჰაგენი), ჰოლანდია (იოჰან კრუიფ არენა, ამსტერდამი), რუმინეთი (ეროვნული სტადიონი, ბუქარესტი), ინგლისი (უემბლი, ლონდონი), შოტლანდია (ჰემპდენ პარკი, გლაზგო), ესპანეთი (სან მამესი, ბილბაო), ირლანდია (დუბლინ არენა, დუბლინი), გერმანია (მიუნხენის საფეხბურთო სტადიონი), უნგრეთი (ფერენც პუშკაშის სტადიონი, ბუდაპეშტი) უმასპინძლებენ.