სიახლეები

განახლებული საქართველოს თასი პირველად ტორპედომ მოიგო

საქართველოს თასი
გაუზიარე

2018 წლის სეზონიდან, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებულს, განახლებული ჯილდო გადაეცემა. ქუთაისის ტორპედოს კაპიტანი როინ კვასხვაძე გახდა პირველი მოთამაშე, ვინც განახლებული თასი აღმართა.

ახალი ნაკეთობა - 6 კილოგრამს იწონის და სიმაღლეში 75 სმ-ია. “თრიალეთის ოქროს თასი შუა ბრინჯაოს ხანის საიუველირო საქმის შესანიშნავ მაგალითია. სწორედ ამ თასის მოყვანილობა იქცა ჯილდოს ფორმის თავდაპირველი იდეის შთაგონებად.

ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის განახლებული თასის პირველი მფლობელია

მაქსიმალურად შევეცადეთ თავდაპირველი ფორმა თანამდროვე დეტალებით გაგვემდიდრებინა. სწორედ ესეთი დეტალი არის ჯილდოს სახელურები, რომელთა ასიმეტრიული მოყვანილობა ლენტის ასოციაციას იწვევს, ლენტი კი ყოველთვის გამარჯვებასთან და ზეიმთან ასოცირდება.

თასის ზედა ნაწილსა და კვარცხლბეკს არასტანდარტული ჭრა აკავშირებს, რომელიც მთლიან ფორმას კიდევ უფრო მეტ თანამედროვეობას სძენს. კვარცხლბეკსა და ჯოლდოს ზედა ნაწილს შორის არსებული სფერო ფეხბურთის ბურთის მეტაფორული გამოხატულებაა.“ ამბობენ დიზაინერები ბუბა რადიანი და გიორგი კალმახელიძე.

ასევე, ჯილდოს ქვედა ნაწილზე დატანილია საქართველოს თასის ყველა გამარჯვებული 1990 წლიდან დღემდე. შეგახსენებთ, რომ ქუთაისელებმა ბათუმის ფინალში გაგრა პენალტების სერიაში დაამარცხეს და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი ისოტრიაში მეოთხედ მოიგეს - 1998–99, 2000–01, 2016, 2018.