სიახლეები

ტორპედო საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელია

საქართველოს თასი
გაუზიარე

25 ნოემბერს, ბათუმში ანგისას სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართა. ტიტულისთვის ერთმანეთს ეროვნული ლიგის წარმომადგენელი, ქუთაისის „ტორპედო“ და ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი, „გაგრა“ დაუპირისპირდნენ. ფინალური მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და „ტორპედოს“ გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო, ფრედ 2:2 მორჩა, გამარჯვებული კი, პენალტების სერიაში გამოვლინდა. 

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა, 37-ე წუთზე რატი ცაცკრიალაშვილის გადაცემის შედეგად მეკარესთან პირისპირ ნუგზარ სპანდერაშვილი დარჩა და „გაგრა“ დააწინაურა. გაგრელებმა შეტევაში აქტიური თამაში განაგრძეს და მეორე ტაიმის სტარტზე უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდეს. 49-ე წუთზე თავური დარტყმით როინ კვასხვაძის კარი ივანე ხაბელაშვილმა აიღო. ორ ბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ „ტორპედომ“ დიდი ძალებით შეუტია და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. ქუთაისელთა შეტევებმა შედეგი 74-ე წუთზე გამოიღო - გრიგოლ დოლიძის მოწოდებული კუთხურის შედეგად, ანგარიშში სხვაობა მილოშ ლაჩნიმ შეამცირა. ტორპედოელებმა მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდეს და შეხვედრის ბოლო წუთზე მატჩის დამატებით დროში გადაყვანა შეძლეს. მსაჯის მიერ დამატებულ დროში 11-მეტრიანი ზუსტად ლაჩნიმ შეასრულა და დუბლი გაიფორმა. 

დამატებით დროში თამაშის სცენარი არ შეცვლილა - ბურთს ძირითადად „ტორპედო“ ფლობდა და „გაგრა“ კონტრშეტევებზე ცდილობდა სახიფათო მომენტების შექმნას. მეორე ყვითელი ბარათის გამო 105-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ტორპედოელი დავით ხურცილავა გააძევა. დამატებით დროში ყველაზე რეალური მომენტი ქუთაისელებს ჰქონდათ, მაგრამ ბურთი ძელმა მოიგერია. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა, პენალტების სერია კი უკეთ „ტორპედომ“ შეასრულა და 4:2 დაამარცხა მეტოქე.

მატჩის დასრულების შემდეგ,  დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ „ტორპედოს“ სლოვაკი ლეგიონერი, მილოშ ლაჩნი დასახელდა. ფინალის მონაწილე გუნდებს კუთვნილი მედლები და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, გენერალური მდივანმა დავით მუჯირმა, ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადასცეს.

გაგრა - ტორპედო 2:2, (პენ. 2:4)